ახალი ამბები
საქართველოს სკოლების 59% საჭიროებს სრულ ან ნაწილობრივ რეაბილიტაციას - კვლევა
FaceBook
"დღევანდელი მდგომარეობით, სკოლების აბსოლუტური უმრავლესობა საჭიროებს მშენებლობას, რეაბილიტაციას ან რემონტს",
- აღნიშნულია კვლევაში, რომელიც სასკოლო ინფრასტრუქტურის შესახებ "სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისო ურთიერთობების ცენტრმა" ჩაატარა.

კვლევა 1561 სკოლის შესახებ მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა,რომლის თანახმად, საქართველოს სკოლების 59% საჭიროებს სრულ ან ნაწილობრივ რეაბილიტაციას, ახალი სკოლის მშენებლობას ან რემონტს;

• სკოლების 28% არის ახლადაშენებული, გარემონტებული ან რეაბილიტირებული;

• სკოლების 9%-ში დაგეგმილია რემონტი,რეაბილიტაცია,მშენებლობა;

• სკოლების 4%-ში ამჟამად მიმდინარეობს მშენებლობა,რემონტი და რეაბილიტაცია;

• რეაბილიტირებული ან გარემონტებული სკოლების ხვედრითი წილი მაღალია თბილისში (51%), ხოლო ძალიან დაბალია სამეგრელო-ზემო სვანეთში,გურიაში,რაჭა-ლეჩხუმსა დ აქვემო სვანეთში(11-12%).

კვლევა ადგენს, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმდინარე ან დაგეგმილი რეაბილიტაციის მაღალი ხვედრითი წილით გამოირჩევა გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, მცხეთა-მთიანეთიდა თბილისი; დაბალია მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ხვედრითი წილი აჭარაში,რაჭა-ლეჩხუმსა და კახეთში;

• სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების ვადები მუდმივად იწევს. სასკოლო ინფრასტრუქტურის სრულად გამართვა დაგეგმილი იყო 2023წლის ბოლოსთვის, ამ ვადამ გადაიწია ჯერ 2026 წლისთვის, ხოლო შემდგომ 2027 წლის ბოლოსთვის;

• 2027 წელს,საქართველოს მთავრობის გეგმით, უნდა დასრულდეს სკოლების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და რემონტის პროცესი და ამით, საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემები საბოლოოდ გადაიჭრას. სკოლების დღევანდელი ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე მიმდინარე 2024/2025 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სასკოლო პროექტების შესახებ არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, 2025-2027 წლებში ასაშენებელი, გასარემონტებელი ან სარეაბილიტაციო იქნება 1250-მდე სკოლა, რათა რეალურად შესრულდეს მთავრობის გეგმა და სრულად გადაიჭრას ამეტაპისთვის სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები.

ცენტრმა გამოიკვლია სკოლებში საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების საკითხიც. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სკოლების 31% აქვს საბუნებისმეტყველო ლაბორატორია;

• სკოლების 64% არ გააჩნია არანაირი საბუნებისმეტყველო ლაბორატორია,ხოლო დარჩენილ ნაწილს აქვს ან ვირტუალური/კომპიუტერული საბუნებისმეტყველო ლაბორატორია ან მოძველებული ლაბორატორიები, რომელთა რეალური გამოყენება ვერ ხერხდება;

• თბილისში სკოლების დაახლოებით 80%-ს გააჩნია რაიმე სახის საბუნებისმეტყველო ლაბორატორია,მაშინ როცა რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის,გურიის,მცხეთა-მთიანეთის რეგიონების 87%-მდე სკოლებს არ გააჩნია არც ახალი, არც მოძველებული და არც ვირტუალური ლაბორატორია.

კვლევაში მითითებულია, რომ მონაცემები შეგროვდა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით; 2023 წლის ივნისიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ გასცემს საჯარო ინფორმაციას CCIIR-ზე.
ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელის დეკემბრიდან, სამინისტრომ ორჯერ მიაწოდა მოთხოვნილის ნაცვლად შეჯამებული, მცირე მონაცემი,რომელიც ფორმალურად პასუხს წარმოდგენს. მათი ცნობით მისი დამუშავება და ანალიზი შეუძლებელია;

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნაზე ფორმალური რეაგირება მოახდინა, რეალურად არ მიაწოდა ინფორმაცია; შესაბამისად, ინფორმაცია მიღებულია მუნიციპალიტეტებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების მეშვეობით, სკოლების სახელწოდების, საიდენტიფიკაციო კოდის, შენობის ინფრასტრუქტურული მდგომარეობისა და ტექნიკური აღჭურვის მითითებით.

Print