ახალი ამბები
იმერეთსა და თბილისში დააკავეს 5 პირი, რომლებმაც ქურდული გარჩევა მოაწყვეს
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და იმერეთში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 5 ადამიანი დააკავეს.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულებმა ქურდული გარჩევა მოაწყვეს და მოდავე მხარეს დაემუქრნენ. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი დაკავებულის დ.ქ.-ს მიმართვის საფუძველზე, მასა და მოქალაქეს შორის არსებული ფინანსური დავის მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ. ბრალდებულებმა ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად მოწყობილ შეკრებაზე, მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ, განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პირადი ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ,’’-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, "ქურდული სამყაროს" წევრისადმი მიმართვის, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ჯგუფურ გამოძალვაში თანამონაწილეობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა , 223-ე მე-2 პრიმა, 223-ე მე-3 პრიმა, 223-ე მე-4 პრიმა, 181-ე და 25-181-ე მუხლებით.

დანაშაული 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


Print