ახალი ამბები
ქუთაისში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 707 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს
FaceBook
2023 წლის სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 3243 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

3243 სამართალდარევიდან 707 შემთხვევა ქუთაისში დაფიქსირდა.

1502 ჯარიმა დაიწერა თბილისში.

564 შემთხვევა ბათუმში გამოვლინდა, ხოლო 470 - რუსთავში.

3243 საჯარიმო ქვითრიდან 2785 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე დაიწერა, 458 კი - იურიდიული პირის სახელზე.

"ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეეძლებათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდებზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის www.videos.police.ge საშუალებით,'' - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი.

იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამარალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

Print