ახალი ამბები
ტყიბულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას პროკურატურა გაასაჩივრებს
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს გირაო შეეფარდა, პროკურატურა არ ეთანხება.

უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

„პროკურატურამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო - 5.000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს, საღამოს საათებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა, ალკოჰოლური თრობის ქვეშ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა.

საქმეზე სასამართლო პროცესი გუშინ, 18 იანვარს, გაიმართა, სადაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბრალდებულს 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს შუამდგომლობით თავად დაზარალებულმა მიმართა და მეუღლის გირაოთი გათავისუფლება ითხოვა.


ამავე თემაზე:


5000 ლარიანი გირაო ცოლზე ძალადობაში ბრალდებულს - სასამართლოს გადაწყვეტილება

"შვილების თანდასწრებით მეუღლეზე იძალადა" - ტყიბულის მერიის თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს

ტყიბულის მერიის თანამშრომელი, სავარაუდოდ, ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს



Print