ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში 500 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი მოეწყო
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებით 500 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი მოეწყო.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ჯამში 20 000 მ2 ასფალტი დაიგო, დაპროექტდა და მოეწყო საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები და საპარკინგე სისტემა. 

ასევე, გაკეთდა ახალი სანიაღვრე კანალიზაცია და წყალანირების სისტემა. მოეწყო დეკორატიული ღობე.

მათივე ცნობით, თვის ბოლომდე სრულად მოეწყობა ტერიტორიის განათების სისტემაც.

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს თანამედროვე ავტოსადგომი აქვს, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. შედეგად, არსებული, 200 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი 700-მდე გაიზარდა",- განმარტავენ აეროპორტების გაერთიანებაში.

მათივე ინფორმაციით, ავტოსადგომის გაფართოების პროექტში 3.9 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, რომელიც აეროპორტების გაერთიანებამ სრულად საკუთარი შემოსავლებიდან დაფარა.

მათივე განმარტებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი. მათ შორის, ბაქნისა და თვითმფრინავების სადგომის რეაბილიტაცია. ასევე დაიწყება ახალი, 3,5 კმ.-იანი საფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა.

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს გაიხსნა.

ამ ეტაპისთვის, ქუთაისის აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.


Print