ახალი ამბები
ქუთაისის სამუსიკო სკოლა, რომლის რეაბილიტაციაც 2 წლის წინ უნდა დასრულებულიყო, დღეს გაიხსნა
FaceBook
ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სკოლა, რომლის რეაბილიტაციაც, თავდაპირველი ტენდერის მიხედვით, 2022 წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, ახლა გაიხსნა.
სკოლის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა.


ასეთია სამუსიკო სკოლის განახლებული შიდა სივრცე



პროექტის მიხედვით, სამუსიკო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, განახლდა შენობის ფასადი, ინტერიერი, საკლასო ოთახები, საკონცერტო დარბაზები და საგამოფენო სივრცე (მუზეუმი). ამასთან, შეიცვალა გადახურვა, ელექტრო და წყალგაყვანილობის სისტემა.


სასწავლებლის დერეფანი


სამუშაოები შპს „ჰეადერ კონსტრაქშენმა“ 1 341 758 ლარის სანაცვლოდ შეასრულა. კომპანიასა და მერიას შორის ხელშეკრულება გასული წლის 31 მარტს გაფორმდა. მანამდე კი 5 თვის განმავლობაში სკოლის რეაბილიტაცია შეჩერებული იყო, ვინაიდან მერიამ ობიექტის რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებულ პირველ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს "მშენებელჯგუფს" "პირობების დარღვევის/შეუსრულებლობის გამო", ხელშეკრულება შეუწყვიტა და დააჯარიმა. პირველადი მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებისთვის კი 620 692 ლარი გადაუხადა.

"მშენებელჯგუფთან" ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, მერიას სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად ტენდერის ოთხჯერ გამოცხადება მოუწია. 

ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლის რეკონსტრუქია ერთ-ერთი იყო იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის, რომლითაც ადგილობრივ თვითმმართველობაში თავს იწონებდნენ.

ამავე თემაზე:

4-თვიანი ჩავარდნის შემდეგ, ქუთაისის სამუსიკო სკოლის რეკონსტრუქცია იწყება

სამჯერ ჩავარდნილი ტენდერი და მერიის მორიგი მცდელობა სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციისთვის

მესამე ტენდერი და სამუსიკო სკოლის შეჩერებული რეაბილიტაცია

ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის რეკონსტრუქციისთვის მერია ტენდერს თავიდან აცხადებს

გაუქმებული ხელშეკრულება და სამუსიკო სკოლის შეჩერებული რეაბილიტაცია

Print