ახალი ამბები
ქუთაისში, პარლამენტის საშვთა ბიუროს შენობაში, შრომის ინსპექციის სამსახური განთავსდება
FaceBook
ქუთაისში, შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი გაიხსნება.
ის პარლამენტის ყოფილი შენობის საშვთა ბიუროს შენობაში განთავსდება და მოქალაქეებს, შრომითი უფლებების დაცვის, ასევე საჭირო პროცედურების განხორციელების მიმართულებით გაუწევს კონსულტაციებს.

როგორც „ქუთაისიპოსტს“ შრომის ინსპექციის პრესსამსახურში განუცხადეს, შენობის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მალე დაიწყებს ფუნქციონირებას. 

„ინსპექტორები ახლაც გვყავს ქუთაისში, ჩვეულებრივად დადიან ინსპექტირებაზე, თუმცა ახლა ოფისიც გვექნება და მოქალაქეებსაც შეეძლებათ ადგილზე მისვლა. სარემონტო სამუშაოები დასრულებულია, მცირედი დეტალებია დარჩენილი და ძალიან მალე გაიხსნება“, - განმარტეს უწყების საზოგადოებასთან  ურთიერთობის სამსახურში. 



რა ფორმით და ვადით გადაეცა შრომის ინსპექციის სამსახურს საოფისე ფართი, ამაზე, უწყებაში გვითხრეს, რომ ოფისი მალე გაიხსნება და ეს ინფორმაციაც მაშინ გახდება ცნობილი.

შრომის ინსპექციას, ამ ეტაპზე, ერთი რეგიონული ოფისი აჭარაში აქვს, მეორე, ცენტრალური კი - თბილისში.

შენობაში, რომელიც მალე შრომის ინსპექციის სამსახურის ფილიალი იქნება, 2012 წლიდან, პარლამენტის ყოფილი შენობის საშვთა ბიურო იყო განთავსებული. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან თბილისიდან გადაიტანეს (2019 წლიდან), საშვთა ბიუროს შენობა უფუნქციო და მიტოვებული იყო.
Print