ახალი ამბები
"ხელი უამინდობამ შეგვიშალა" - ნიკეას ნაგავსაყრელზე სამუშაოების დასრულების ვადა 4-ჯერ შეიცვალა
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, ჯერაც დაუსრულებელია.
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად  "მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში" უამინდობას ასახელებენ.



საუბარია კომპანიის მიერ გასულ წელს გამოცხადებულ ტენდერზე, რომლის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ გრუნტისა და ნარჩენების ნაზავის დამუშავება, გზისა და ღობის რეაბილიტაცია, ნაგებობის განათებისა და შიდა ქსელის შეკეთება, ქვიშა-ხრეშოვანი ქვესაგები ფენის მოწყობა და სხვა სახის სამუშაოების ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

"გრუნტზე და თიხნარზე მუშაობენ. ამას კი მშრალი ამინდები სჭირდება. უხვი ნალექის გამო სამუშაოები დროულად ვერ დასრულდა, მაგრამ თვის ბოლომდე ყველაფერი მოგვარდება,’’ - აცხადებენ  "მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში''.



ნიკეას ნაგავსაყრელის რეაბილიტაციაზე ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ'' ტენდერი გასულ წელს გამოაცხადა, რომელშიც შპს ,,ნიკომ’’ გაიმარჯვა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2023 წლის 5 სექტემბერს, 1 185 437 ლარზე გაფორმდა.

სამუშაოები 4 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ხელშეკრულებაში ცვლილება 4-ჯერ შევიდა, რამაც ვადა გადასწია. ამჟამად, შპს ,,ნიკომ’’ პროექტი 31 იანვრამდე უნდა ჩააბაროს, თუმცა თუ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზს გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, სამუშაოები ისევ გაჭიანურდება.

ნიკეას ნაგავსაყრელი მრავალი წელია პრობლემაა მოსახლეობისთვის. ამ უბნის მცხოვრებლები ნარჩენებისგან წარმოქმნილ უსიამოვნო სუნზე წლებია საუბრობენ. ამბობენ, რომ სუნი დაკეტილ ფანჯრებშიც აღწევს და ნიკეაზე ცხოვრებას აუტანელს ხდის. საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივებმა წლების განმავლობაში არაერთი აქცია გამართეს და ნაგავსაყრელის დახურვა არაერთხელ მოითხოვეს.

ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვის დაპირება მთავრობამ ჯერ კიდევ 2014 წლიდან გასცა. მაშინდელი დაპირების მიხედვით, მოეწყობოდა ახალი რეგიონალური ნაგავსაყრელი, ნიკეას ნარჩენების პოლიგონს კი დახურავდენენ, მაგრამ ახალი ნაგავსაყრელი დღეს, ამ დაპირებიდან 10 წლის შემდეგაც არ აშენებულა. მეტიც, ჯერ ადგილიც არ არის შერჩეული სადაც ახალ პოლიგონს მოაწყობენ.

ამავე თემაზე:

ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვის 9-წლიანი დაპირება - ახალი პოლიგონისთვის ჯერ ადგილიც ვერ მონახეს
Print