ახალი ამბები
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება - ცესკო
FaceBook
საქართველოს პარლამენტის არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება.
ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ცესკოს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიების რეგისტრაციის პროცედურები ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 113-ე მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად.

ამ პირობებს, ცესკოს ცნობით,  შემდეგი პოლიტიკური პარტიები არკამყოფილებენ:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“;
„ლელო საქართველოსთვის“;
„ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – “გირჩი“;
„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“;
„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“;
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
„გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“;
„კანონი და სამართალი“;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
„საქართველოს ევროპელი დემოკრატები“;
„საქართველოს რესპუბლიკური პარტია“;
„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“;
„პროგრესი და სამართალი“.

"აღნიშნულმა პარტიებმა, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.

პარტიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 113-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, საქართველოს პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს და განცხადების წარდგენისთანავე მას გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში", - ნათქვამია ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც სურთ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.

Print