ახალი ამბები
"გადაჭედილ მიკროავტობუსში სუნთქვაც ჭირს'' - ავტოქარხანაში მოსახლეობა მიკროავტობუსის დამატებას ითხოვს
FaceBook
ქუთაისში, ავტოქარხნის მცხოვრებლები N 100 მიკროავტობუსის დამატებას ითხოვენ.
როგორც მგზავრები ამბობენ, ქალაქში არსებული 8 ერთეული N 100 მიკროავტობუსი მგზავრთა ნაკადს ვერ აუდის და მანქანები მუდმივად გადაჭედილია.

ადგილობრივების თქმით, პრობლემა განსაკუთრებით დილის და საღამოს საათებში იგრძნობა.

"მიკროავტობუსში იმდენი ხალხია ხოლმე, ერთმანეთს, ფაქტობრივად, თავზე ვაზივართ. წარმოუდგენლად არაკომფორტული და საშინელია ასე მგზავრობა, მაგრამ სხვა გზა არის? ყოველდღე რომ ტაქსით ვიარო, ჩემი ხელფასი არაფერში მეყოფა. ზაფხულში მიკროავტობუსში სუნთქვაც კი ჭირს. ასეთი მოუწესრიგებელი ტრანპოსტი არსად მინახავს. 2 წლის წინ ევროპაში ვიყავი და გავოცდი, როცა ყველანაირად მოწესრიგებულ ავტობუსში მოვხვდი. მესმის, რომ ევროპა არაა, მაგრამ ეს არ არის ისეთი პრობლემა, რომ ვერ მოაგვარონ,’’ - ამბობს ქუთაისში მცხოვრები ანა ლიპარტელიანი.



ავტოქარხნის მცხოვრებლების თქმით, ერთი მიკროავტობუსის დამატება პრობლემას მოხსნიდა.

"არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა ავტობუსში ზღვა ხალხი ყოფილა და ჩემი ადგილი ფიზიკურად არსად იყო. ამის გამო ბევრჯერ დამგვიანებია სამსახურში. ზოგჯერ ცდილობ როგორმე შეხვიდე, ადამიანებს შორის ჩაეკუჭო, მაგრამ იმდენი ხალხია, ბოლოს ნემსის ჩასაგდები ადგილიც აღარ რჩება,’’ - ამბობს ავტოქარხნის მკვიდრი თეონა ნემსიწვერიძე.

მიკროავტობუსის  N100 -ის ხაზი კომპანია  "ნიუ ტრანსპორტს" ეკუთვნის. კომპანიაში  გვითხრეს, რომ N 100 მიკროავტობუსები სამუშაო დღეებში, დაახლოებით, 300-350 მგზავრს ემსახურებიან, რისთვისაც როგორც ჩანს, 8 მანქანა არასაკმარისია. 

კომპანიის ინფორმაციით,ზამთრის პერიოდში დილის 8 საათიდან საღამოს 18 საათამდე მიკროავტობუსები 10-12-წუთიანი შუალედით მოძრაობენ, თუმცა დილის საათებში ქალაქში არსებული საცობების გამო ინტერვალი იზრდება.

საღამოს საათებში კი, 18:00 საათიდან 19:00 საათამდე (ზამთრის გრაფიკი) მხოლოდ ორი მიკროავტობუსი რჩება და ინტერვალი ნახევარ საათამდე იმატებს.

კომპანიის ხელმძღვანელის, გოდერძი ქასრაშვილის თქმით, გასული წლის ზაფხულში იყო საუბარი არათუ მანქანების დამატებაზე, არამედ პირიქით, #100 მიკროავტობუსების რაოდენობის 6-მდე შემცირებაზე.

"15 წელზე მეტია ქალაქს 8 ერთეული  N 100 მიკროავტობუსი ემსახურება. მანამდე 10 მანქანა იყო, მაგრამ მერიის შესაბამისმა სამსახურმა ეს რაოდენობა 8-მდე შეამცირა. ტრანსპორტის სამსახური მგზავრთა ნაკადს პერიოდულად სწავლობს", -  ამბობს კომპანია "ნიუ ტრანსპორტის" ხელმძღვანელი გოდერძი ქასრაშვილი.

ის ამბობს, რომ მგზავრთა ნაკადი გასული წლის ზაფხულში შეისწავლეს, სადაც გამოიკვეთა რომ 8 ერთეული მიკროავტობუსი საკმარისია. 

"2023 წლის ზაფხულში პირიქით,  6 ერთეულამდე აპირებდნენ შემცირებას, მაგრამ ჩვენი მიმართვის საფუძველზე მერიამ ისევ 8  დატოვა,'' - აღნიშნავს ქასრაშვილი. 

ქუთაისის მერიაშიც გვითხრეს, რომ N 100 გადავსებული მიკროავტობუსების მიუხედავად  დამატება არ იგეგმება. 

Print