ახალი ამბები
საფრანგეთში სტაჟირების შანსი ქუთაისელი სტუდენტებისთვის
FaceBook
პროექტში მონაწილეობისთვის მნიშვნელოვანია ფრანგული ენის ცოდნა

ქუთაისის უნივერსიტეტში "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო–საქართველომ" ორი პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტი " ახალგაზრდები ევროპისთვის" ახალგაზრდების მიერ ევროპული ინსტიტუტების უკეთ გაცნობას გულისხმობს.

პროექტი ქუთაისელ სტუდენტებს სტრასბურგში გამგზავრების შანსს აძლევს. შერჩეული 20 სტუდენტი შეძლებს 4 დღე გაატაროს საფრანგეთში და ეწვიოს სტრასბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

"ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო–საქართველოს" მეორე პროექტი კი სტრასბურგში 9 თვიან სტაჟრებას ითვალისწინებს, თუმცა, სტაჟირების შანსი მხოლოდ ერთ სტუდენტს მიეცემა, რომელსაც სტრასბურგის მერია თავად შეარჩევს.

"ჩვენ გადავუგზავნით 5 სტუდენტის მონაცემებს და თავად შეარჩევენ იმ ერთს, რომელიც 9 თვიან სტაჟირებას გაივლის სტრასბურგის მერიის საგარეო საქმეთა სამსახურში",– განაცხადა "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო–საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო თვალთვაძემ.

პირველ პროექტზე განაცხადების მიღება 1 მარტს დასრულდება. სტაჟირების მსურველებისთვის კი ვადა 6 მარტს იწურება. კანდიდატებისთვის მთავარი მოთხოვნა ფრანგულის ენის ცოდნაა, თუნდაც საწყის დონეზე.

პროექტი ქუთაისისა და სტრასბურგის მერიის ერთობლივი პარტნიორობით ხორციელდება.

Print