ახალი ამბები
,,სავანეს’’ მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირი თავისუფალია
FaceBook

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მდებარე ყოფილი კაფის ,,სავანეს’’ დემონტაჟის პარალელურად გამართულ აქციაზე დაკავებული პირი თავისუფალია.


ამის შესახებ "ქუთაისიპოსტს" აღსრულების ბიუროს წარმომადგენელმა პაატა შამუგიამ განუმარტა. 

მისი თქმით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ის ადმინისტრაციული სახდელით, გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა.

27 დეკემბერს აღსრულების პოლიციამ ,,სავანეს’’ ერთ-ერთი მხარდამჭერი წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავა. აქციის მონაწილეები ,,სავანეს’’ ნგრევას აპროტესტებდნენ, რასაც ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა. დემონტაჟის პროცესში ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აღსრულების პოლიციამ კაფეში შესვლა ძალის გამოყენებით შეძლო. მანამდე კი შეუძლოდ გახდა კაფის ერთ-ერთი მეპატრონე.


ასევე, თავის მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვა იმ ტრაქტორის მძღოლმა, რომლითაც შენობა უნდა დაენგრიათ და ადგილზე სხვა მძღოლი გამოიძახეს, რომელსაც ტექნიკა შუა დემონტაჟის დროს გაუფუჭდა და მერია იძულებული გახდა, ახალი ტექნიკა მოეყვანა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ახალი ტრაქტორი, რომლითაც კაფეს ანგრევდნენ, მერიის ბალანზე რეგისტრირებული არ იყო და ნომერიც მოხსნილი ჰქონდა. ამის გამო ადგილზე პოლიციაც გამოიძახეს, მაგრამ მძღოლი ტრაქტორიანად გაიქცა და დემონტაჟის პროცესი დროებით შეჩერდა. საბოლოოდ, მერიამ გაფუჭებული ტრაქტორი შეაკეთა და კაფე დაანგრია.

ქუთაისის მერიასა და ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის ობიექტის დემონტაჟის საკითხზე სასამართლო დავები 13 ოქტომბრიდან მიმდინარეობდა. მერია კაფის დანგრევას და მეპატრონეებისგან 200 ათას ლარამდე საიჯარო დავალიანების გადახდას ითხოვდა. 16 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დარინა აბულაძემ კვების ობიექტის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება მეპატრონეებისგან საიჯარო თანხის გადახდას, ამ ნაწილში მერიის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მანამდე კი, 5 წლით ადრე, ქუთაისის მერიასა და კაფე-ბარ ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის დავა იმ მიწის საკითხზე მიმდინარეობდა, რომელზეც სავანე იდგა. კაფის მფლობელები ამბობდნენ, რომ შენობასთან ერთად მათ მიწაც იყიდეს და ის მათ ეკუთვნოდათ. მერიაში კი აცხადებდნენ, რომ ,,სავანე’’ კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიაზე მდებარეობდა და კერძო საკუთრება ვერ იქნებოდა. სასამართლო დავების შედეგად, ორივე ინსტანციის სასამართლომ მიწის მესაკუთრედ მერია აღიარა.

ქალაქის ცენტრალურ ბაღში კაფე 23 წლის განმავლობაში მუშაობდა. კვების ობიექტს 2018 წლიდან აღარ უმუშავია. 90–იან წლებში ის ბამბუკის მსუბუქ კონსტრუქციას წარმოადგენდა, სადაც ღია სანაყინე ფუნქციონირებდა. ობიექტს თავდაპირველად ამხანაგობა „მაგნოლია“ ფლობდა. 1995 წელს კი ის შპს „ნიკოლომ“ 8 986 ამერიკულ დოლარად შეისყიდა.

ამავე თემაზე:

 


 

Print