ახალი ამბები
"საშუალოდ რომ შეხვდე 1000 ლარი მაინც უნდა გათვალო"- რა ღირს საახალწლო სუფრა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის ბაზრებში, წინასაახალწლოდ, ფასები თითქმის გაორმაგებულია.
ძირითადად, სწორედ ის პროდუქტებია გაძვირებული, რომლებიც საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს.

22 ლარიდან იწყება ყველის ფასი, ნიგვზის კი 20-დან 30 ლარამდე მერყეობს. 





ფასები ქათამზე, ბოსტნეულზე, ხილსა და მწვანილებზეც მომატებულია.

8 ლარიდან იწყება ქათმის ფასი, გასუფთავებულის კი - 12 ლარიდან და ზომის მიხედვით 25 ლარამდე ადის.



„ყველაფერი ცოტათი გაძვირებულია. მწვანე ხახვის ფასი 10 ლარია, დიდი შეკვრა ქინძის და ოხრახუშის - 2 ლარი, ისპანახის - 4, სალათის ფურცლის - 5 ლარი, ბოლოკის - 2“,- განმარტავს გამყიდველი.



წინასაახაწლოდ გაძვირებულია ხილის ფასებიც:

მსხალი, ბროწეული და ყურძენი კილო 8 ლარი ღირს, ბანანი - 7 ლარი, კივი - 6, ფორთოხალი - 5, მარწყვი - 10, ანანასი - 10, ერთი ცალი ავოკადოს ღირებულება კი 5 ლარია.

ამასთან, ვაშლის ფასი 4 ლარიდან იწყება, მანდარინის - 2 ლარიდან და 5 ლარამდე მერყეობს.





საახალწლო სუფრის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტის ჩურჩხელების ფასი 2 ლარიდან იწყება და 5 ლარამდე მერყეობს, კარალიოკის ჩირის ფასი 15 ლარია, თაფლის კი 13 ლარი (ნახევარი ლიტრის).







მოვაჭრეები პროდუქტებზე მომატებულ ფასებს თავადაც უჩივიან. ამბობენ, რომ პროდუქციის აღება თავადაც მაღალ ფასში უწევთ, შესაბამისად, კიდევ ფასნამატის გამო მომხმარებელი არ ჰყავთ.

„საახალწლოდ ყოველთვის იმატებს ფასები. ფული გაუფასურდა, ამიტომ ყველაფერი გაძვირდა. კილო პომიდორი 7 ლარია ასაღები, ამიტომ 8 ლარზე ნაკლებ ვერ ვყიდით. ანალოგიურია კიტრის ფასიც, რომელიც დღითიდღე მატულობს. ბულგარულსაც 8 ლარზე ნაკლებად ვერ ვყიდით. ბადრიჯანის ღირებულება 5 ლარია. მომხმარებელი რაც შეიძლება იაფიანს ეძებს“,- ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.







გამყიდველები მომხმარებელთა შემცირებას სუპერმარკეტების სიმრავლითაც ხსნიან, სადაც ფასდაკლებები ხშირად ცხადდება. ამასთან, უკავშირებენ ემიგრაციულ ნაკადსაც.

„ძალიან ნაკლებად შემოდის მომხმარებელი. ადრინდელთან შედარებით მეოთხედიც არ დაიარება. სუპერმარკეტებმა წაიყვანა ხალხი. ამასთან, ქვეყანა დაცლილია, აქ შემოსავალი არაფერია, ფასები კი კოლოსალური“,- გვითხრამ მოვაჭრე ჯიბო მუმლაძემ.

პროდუქტებზე რომ საახალწლოდ ფასები მომატებულია, ამაზე საუბრობენ მომხმარებლებიც. მათი თქმით, შემოსავალი იგივე რჩება, პროდუქციის ფასები კი ყოველდღიურად იზრდება.



„ცოტ-ცოტას თუ იყიდი ყველაფერს, თორემ ინდაურსა და გოჭზე ლაპარაკი ზედმეტია. ნორმალური ზომის გოჭისთვის 250 ლარი მაინც უნდა იანგარიშო, ინდაურის ფასი 50 ლარიდან იწყება. ყველაზე ღარიბული სუფრა რომ გააწყო 300 ლარი მაინც გინდა, ოღონდ რომ დაყნოსო, შეჭამო კი არა. საშუალოდ რომ შეხვდე ახალ წელს1000 ლარი მაინც უნდა გათვალო ყველაფრისთვის, ესეც გააჩნია ვინ მოგდის სტუმარი, ოჯახში რამდენი ხართ და ა.შ“,- ამბობს მომხმარებელი ნინო ხურციძე.

ახალ წლამდე ორი დღეა დარჩენილი და შესაძლოა, პროდუქტებზე ფასებმა კიდევ მეტად მოიმატოს.
Print