ახალი ამბები
ტრაქტორისტი გაიქცა - რა ხდება ყოფილ კაფე "სავანესთან"
FaceBook
ქუთაისის ბულვარში მდებარე კაფის ,,სავანეს" დემონტაჟი გაჩერებულია,  რადგან ტრაქტორისტი გაიქცა. 
ყოფილ სანაყინესთან  შეკრებილმა ადამიანებმა გაარკვიეს, რომ ტექნიკა, რომლითაც მერია შენობას ანგრევდა, მერიის ბალანსზე არ იყო რეგისტრირებული. 

გარდა ამისა, ობიექტის მფლობელების და მათი ადვოკატების თქმით, ავტოსატრანსპორტო საშუალებას ნომერიც კი მოხსნილი ჰქონდა, ადგილზე გამოძახებულმა პოლიციამ კი რეაგირება არ მოახდინა. 

"ძველი ტრაქტორი გაფუჭდა და ახალი მოიყვანეს, თუმცა ის მერიის ბალანსზე არ იყო. პატრულში დავრეკეთ, რათა მათ დაედგინათ რომელ კომპანიის საკუთრებას წარმოადგენდა ტრაქტორი, რომლითაც შენობას გვინგრევენ. ეს რომ გაიგეს, ტრაქტორიანად ტრაქტორისტი გაიქცა, პატრულმა ნომერიც ვერ დააფიქსირა. თავიდან ამ ტრაქტორს ნომერი ჰქონდა, შემდეგ მოხსნეს. პოლიციამ ვერაფერი გააკეთა", - ამბობს ,,სავანეს" მფლობელების უფლებადამცველი ლელა ბანძელაძე.

,,სავანეს" დემონტაჟის გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დარინა აბულაძემ 16 ნოემბერს მიიღო. სასამართლომ მერიის სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი კი დღეს, 27 დეკემბერს დაიწყო.

მანამდე კი, 4 წლით ადრე, ქუთაისის მერიასა და კაფე-ბარ ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის დავა იმ მიწის საკითხზე მიმდინარეობდა, რომელზეც სავანე დგას. კაფის მფლობელები ამბობდნენ, რომ შენობასთან ერთად მათ მიწაც იყიდეს და ის მათი საკუთრებაა, მერიაში კი აცხადებდნენ, რომ ,,სავანე’’ კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიაზეა აშენებული და ის სკვერს წარმოადგენს, სკვერი კი კერძო საკუთრება ვერ იქნება. სასამართლო დავების შედეგად, ორივე ინსტანციის სასამართლომ მიწის მესაკუთრედ მერია აღიარა.

ქალაქის ცენტრალურ ბაღში კაფე 23 წლის განმავლობაში მუშაობდა. კვების ობიექტს 2018 წლიდან აღარ უმუშავია. 90–იან წლებში ის ბამბუკის მსუბუქ კონსტრუქციას წარმოადგენდა, სადაც ღია სანაყინე ფუნქციონირებდა. ობიექტს თავდაპირველად ამხანაგობა „მაგნოლია“ ფლობდა. 1995 წელს კი ის შპს „ნიკოლომ“ 8 986 ამერიკულ დოლარად შეისყიდა.


ამავე თემაზე:


Print