ახალი ამბები
"სავანეს" დემონტაჟი დაიწყო (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფეს ,,სავანეს" ტრაქტორით ანგრევენ.
,,სავანეს'' მფლობელები და მათი მხარდამჭერები კი ადგილზე აქციას მართავენ და ფაქტს უკანონოს უწოდებენ.

"ეს არ შეგრჩებათ, რა გადაგიხადეს ამდენი, რომ ასეთ საქმეს ასრულებთ?"-მიმართავენ მერიის თანამშრომლებს აქციის მონაწილეები.


კაფის დანგრევის გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დარინა აბულაძემ მიიღო.

ქუთაისის მერიასა და ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის ობიექტის დემონტაჟის საკითხზე სასამართლო დავები 13 ოქტომბრიდან მიმდინარეობდა. მერია კაფის დანგრევას და მეპატრონეებისგან 200 ათას ლარამდე საიჯარო დავალიანების გადახდას ითხოვდა. 16 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დარინა აბულაძემ კვების ობიექტის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება მეპატრონეებისგან საიჯარო თანხის გადახდას, ამ ნაწილში მერიის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მანამდე კი, 4 წლით ადრე, ქუთაისის მერიასა და კაფე-ბარ ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის დავა იმ მიწის საკითხზე მიმდინარეობდა, რომელზეც სავანე დგას. კაფის მფლობელები ამბობდნენ, რომ შენობასთან ერთად მათ მიწაც იყიდეს და ის მათი საკუთრებაა, მერიაში კი აცხადებდნენ, რომ ,,სავანე’’ კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიაზეა აშენებული და ის სკვერს წარმოადგენს, სკვერი კი კერძო საკუთრება ვერ იქნება. სასამართლო დავების შედეგად, ორივე ინსტანციის სასამართლომ მიწის მესაკუთრედ მერია აღიარა.

ქალაქის ცენტრალურ ბაღში კაფე 23 წლის განმავლობაში მუშაობდა. კვების ობიექტს ბოლო ოთხი წელი აღარ უმუშავია. 90–იან წლებში ის ბამბუკის მსუბუქ კონსტრუქციას წარმოადგენდა, სადაც ღია სანაყინე ფუნქციონირებდა. ობიექტს თავდაპირველად ამხანაგობა „მაგნოლია“ ფლობდა. 1995 წელს კი ის შპს „ნიკოლომ“ 8 986 ამერიკულ დოლარად შეისყიდა.

ამავე თემაზე:


Print