ახალი ამბები
„ქუთაისის დამალული მერი ცდილობს, გაიზარდოს ხელფასი“
FaceBook
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრის გიგა შუშანიას ინფრომაციით, მომავალი წლიდან, ქუთაისის მერის ხელფასი გაიზრდება.
იოსებ ხახალეიშვილის ანაზღაურება, 2024 წელს, 5 500 ლარის ნაცვლად, 6 650 ლარი იქნება.

შუშანიას განმარტებით, მაშინ, როცა ქუთაისი იცლება, მოქალაქეებს უჭირთ და ქალაქში კატასტროფული ეკონომიური მდგომარეობა, მერისთვის ხელფასის გაზრდა მოსახლეობის დაცინვაა.

„ნაცვლად იმისა, რომ ამ პრობლემების აღმოფხვრაზე იზრუნოს, ხვალ აპირებს, საკრებულოს სხდომაზე ხელფასი გაიზარდოს 6 650 ლარამდე. გახსოვთ, ალბათ, სულ წუწუნებდა ეს ადამიანი, რომ უფრო მეტი ეკუთვნის. მერი, რომელიც არ ესწრება საკრებულოს სხდომებს, ემალება მოქალაქეებს და საკრებულოს წევრებს, ცდილობს გაიზარდოს ხელფასი და მოიწყოს საკუთარი კეთილდღეობა“,- განმარტავს გიგა შუშანია.

საკითხთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მერიაში, საკრებულოსა და ა(ა)იპებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება, 2024 წლისთვის, ჯამში, დაახლოებით, 6 მილიონი ლარით გაიზრდება.

მომდევნი წლის ქალაქის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ყველაზე დიდი თანხა, 45 მილიონი (სულ არის 100 მილიონ 210 800 ლარი) თანამშრომელთა ხელფასებზე დაიხარჯება.



Print