ახალი ამბები
"ჭერის მასა იყო იატაკზე დაყრილი, წყალი ჩამოდიოდა" - რა მოხდა ქუთაისის მე-20 ბაგა-ბაღში
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე მე-20 საბავშვო ბაღში, რამდენიმედღიანი ნალექის შედეგად, ჭერი დაზიანდა და წყალი ჩავიდა.

როგორც ბაღის თანამშრომელი განმარტავს, დილით, ადრე, აღსაზრდელების მოსვლამდე ოთახი დატბორილი დახვდათ, ჭერი კი ჩამობერილი, ამიტომ მისი ფრაგმენტები თავად ჩამოყარეს.

„რომ შემოვედი ჯგუფში და ნალექი ჩამოსული დამხვდა, ვნახე რომ ჩამობურცული იყო ჭერი. სანამ ბავშვების და აღსაზრდელების მიღებას დავიწყებდით, ჩამოვყარეთ რომ მოგვესუფთავებინა“,
- განმარტავს მირანდა ჩუგაშვილი

მშობლები კი, რომელთა შვილებსაც ბაღში, დღეს, საახალწლო ზეიმი უნდა ჰქონოდათ, ქალაქის თვითმმართველობას მათი შვილებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისკენ მოუწოდებენ.

"მოვიყვანე ბავშვი, ზეიმი ჰქონდა. რომ შემოვედი ჯგუფში, ჭერის მასა იყო იატაკზე დაყრილი. სხვა ოთახებში წვიმა ჩამოდიოდა და იქ ბავშვების გაჩერება  შეუძლებელი იყო. დაკეტონ დროებით, იქნება ეს ორი თუ სამი თვე და მოგვხედონ, გააკეთონ, იყოს, შესაბამისად, მოწესრიგებული",
- ამბობს ერთ-ერთი მშობელი ეკა რუხაძე.

მომხდართან დაკავშირებით, ქუთაისის „ბაგა-ბაღების“ გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ შენობის გადახურვა უახლოეს მომავალში იგეგმება.



Print