ახალი ამბები
"მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას და ქუთაისის მერის პასუხისგებაში მიცემას“
FaceBook
კაფე-ბარ „სავანეს“ ერთ-ერთი მეპატრონე გიორგი ტურაბელიძე, რომელიც ქუთაისის მერს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს, პროკურატურას მიმართავს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

საქმე ეხება 23 დეკემბერს მომხდარ ინციდენტს, რომელიც ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების შემდეგ, იოსებ ხახალეიშვილსა და გიორგი ტურაბელიძეს შორის მოხდა.

აღნიშნულის ამსახველი ვიდეო ტურაბელიძემ დღეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში წარადგინა.

მან უწყებისგან დაზარალებულად ცნობა და ქალაქის მერის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.

"ქუთაისის მერმა ნაძვის ხის ანთების შემდეგ, პირადად მე, მომაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.  ქალაქს და მოსახლეობას აქვს ლეგიტიმური კითხვები, რაზედაც მისგან პასუხების მიღება მერიის შენობაში შეუძლებელი გახდა, ამიტომ გვიწევს სადაც ვნახავთ, იქ დავუსვათ ეს კითხვები, რაც ძალიან აბრაზებს, გამოჰყავს წყობიდან და მისი პასუხი არის ერთი: გინება და შემდეგ, ფიზიკური შერაცხყოფის მოყენება. ქუთაისს არ შეიძლება ჰყავდეს მსგავსი მოძალადე პიროვნება ხელმძღვანელობაში, ამიტომ დღეს შევიტანეთ საჩივარი პროკურატურაში",
- განმარტავს გიორგი ტურაბელიძე. 

საკითხს იმერეთის "ნაციონალური მოძრაობის" რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ასე ხდება მაშინ, როდესაც ქალაქს ჰყავს "გაყალბებული გზით თავზედასმული მერი, რომელსაც არ ჰყოფნის კომპეტენცია, მოქალაქეს ელემენტარული პასუხი გასცეს".

"ზოგადად, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი სტანდარტი დაამკვიდრა ყველაფერში, რომელსაც ძალიან კარგი სახელი დაარქვა ჟურნალისტმა ბექა ყორშიამ. ეს არის „გუთენ ტრაკენის“ სტანდარტი. ამ სტანდარტით მოქმედებს ქუთაისის მერი. სავარაუდოდ, პროკურატურაც „გუთენ ტრაკენის“ სტანდარტის იმოქმედებს და ქუთაისის მერს არ დაიბარებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, როდესაც პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდება პროკურატურა, ეს ვიდეომასალა და მსგავსი საქმეები აუცილებლად დასჭირდება თავისუფალ და დამოუკიდებელ პროკურატურას", - განმარტა თემურ ცამციშვილმა.

ქუთაისის მერიასა და ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის სასამართლო დავები 13 ოქტომბრიდან მიმდინარეობდა. მერია კაფის დემონტაჟს და მეპატრონეებისგან 200 ათას ლარამდე საიჯარო დავალიანების გადახდას ითხოვდა. 16 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დარინა აბულაძემ კვების ობიექტის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება მეპატრონეებისგან საიჯარო თანხის გადახდას, ამ ნაწილში მერიის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ძმები კაფე/ბარ "სავანეს" დანგრევასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხების მიღებას ქუთაისის მერისგან დიდი ხანია ცდილობენ. ტურაბელიძეები მერის ნახვის მოთხოვნით მერიაში არაერთხელ მივიდნენ, თუმცა უშედეგოდ.


Print