ახალი ამბები
"ვკვდები, როგორც ქალაქი" - პერფორმანსი ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობასთან
FaceBook
"ვკვდები როგორც ქალაქი" - ამ სლოგანით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, პერფორმანსი გაიმართა.

სამოქალაქო მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" წევრებმა ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება", დღეს, სიმბოლურ სირცხვილის დერეფანში გაატარეს.

აქტივისტების თქმით, საპარლამენტო სტატუსის დაკარგვის შედეგად, ქუთაისმა მოსახლეობის რაოდენობით მეორედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

ამიტომ მათ რეგიონების მიმართ ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკა გააპროტესტეს და ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნება მოითხოვეს.

"დღეს, ქუთაისში, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ გაატარეს სიმბოლურ სირცხვილის დერეფანში. ნახეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ სახეები არ ჰქონდა, რადგანაც ეს პოლიტიკური ძალა, შეიძლება ითქვას, წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის მარიონეტებს. სწორედ მათი მმართველობის დამსახურებით, ამ ქვეყანაში მხოლოდ ორი ქალაქი ვითარდება, დანარჩენი იცლება და კვდება. ამიტომ, ჩვენ, ქუთაისში პარლამენტის დაბრუნებას, რეგიონების გაძლიერებას, ქვეყნის დეცენტრალიზაციას და დეკოცენტრაციას მოვითხოვთ. ასევე, ბევრს გავაკეთებთ მომავალ საარჩევნო წელს და მოვუწოდებთ ქუთაისელებს, ხმა მისცენ მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც დადებენ პირობას, რომ ქუთაისში პარლამენტი დაბრუნდება",- განმარტა სამოქალაქო მოძრაობის წევრმა ეკა ფხაკაძემ.

ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ინსტიტუტი ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს.

2012 წლის შემდეგ, 2019 წლის 5 თებერვალს, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნა.


ამავე თემაზე:

გაჩერებული ქუთაისი - ჩემოდნების აქცია/პერფორმანსი

Print