ახალი ამბები
"საქართველოში, ყოველ მე-2 ქალს ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია"- კვლევა
FaceBook
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში, ყოველ მე-2 ქალს, ცხოვრების განმავლობაში, ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია.
ყოველ მე-4 ქალს კი გამოუცდია ძალადობის რომელიმე ფორმა პარტნიორის მხრიდან.

ამავე კვლევის შედეგების მიხედვით, ყოველ მე-4 ქალს სექსუალური შევიწროების გამოცდილება აქვს. ამასთან, ქალების 8.5%-ს გამოუცდია სექსუალური ძალადობა 18 წლის ასაკამდე.

„პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების 45.9%-ის თქმით, ძალადობის ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილი შესწრებია. შემთხვევების 10%-ში ბავშვებზეც უძალადიათ.
ქალების 18%-ს გამოუცდია მასთან პარტნიორულ ურთიერთობაში მყოფი კაცისგან მაკონტროლებელი ქცევა.

ყოველ მე-5 ქალს, რომელსაც პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა გამოუცდია, ტრავმაც მიუღია. 13%-ს დასჭირვებია სამედიცინო დახმარება",- აღნიშნულია კვლევაში. 

აღსანიშნავია, რომ მომხდარი ძალადობის ახლობლებისთვის გამხელის შემთხვევაში, ქალების 16.4%-ს ურჩიეს ძალადობის ფაქტის დამალვა, 6.6% თავად დაადანაშაულეს, 7.5%-ისადმი კი ახლობლები გულგრილები დარჩნენ.

კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალების 77.6% და კაცების 57.5% ფიქრობს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა სერიოზული პრობლემაა.

რაოდენობრივი კვლევა 2022 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა და 15-69 ასაკობრივ ჯგუფში 3300 ქალი და 1100 კაცი გამოიკითხა.

Print