ახალი ამბები
სამრეწველო ზონა - მთავრობის მორიგი დაპირება ქუთაისელებს
FaceBook
მას შემდეგ, რაც მთავრობამ ქუთაისში ვერც ელექტრომობილებისა ქარხანა ააშენა და ვერც ელექტრობატარეების საწარმო, მორიგი დაპირება გასცა. 


მთავრობამ, ამჯერად, ქალაქში ახალი სამრეწველო ზონის შექმნა დააანონსა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, პროექტი, ქალაქში, სამშენებლო მასალების წარმოებასა და საფეიქრო ინდუსტრიის განვითარებას გულისხმობს. ოღონდ, მინისტრი აქვე განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა გადადებულია და მას შემდეგ, რაც „დამატებით დეტალებს“ წარადგენენ, ამაზე მსჯელობა განახლდება.

„თავისუფალი ეკონომიკური ზონა მოიაზრებოდა ქუთაისში, თუმცა ამაზე მთავრობა მომავალშიც იმსჯელებს, ეს საკითხი გადაიდო, დამატებით დეტალებს წარვადგენთ კოლეგებთან და ამის შემდეგ მიიღებს მთავრობა გადაწყვეტილებას. პროექტის მიხედვით, მოიაზრებოდა ქუთაისში ახალი სამრეწველო ზონის შექმნა, რომელიც ძირითადად სამშენებლო მასალების წარმოებას და საფეიქრო ინდუსტრიის განვითარებას გულისხმობდა“,
- აღნიშნა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

რა ლოკაციაზე გეგმავენ ქუთაისში ეკონომიკური ზონის მოწყობას და როდის არის ის „მომავალი“, როცა ამაზე მთავრობა იმსჯელებს, ეს მინისტრს არ დაუკონკრეტებია. შესაძლოა, ახლადაანონსებულ საწარმოს სწორედ იმ ადგილზე მოიზარებენ, სადაც  ელექტრომობილებისა და ელექტრობატარეების ქარხნის მოწყობა (ავტოქარხნის აეროპორტის ყოფილი ტერიტორია) "დაგეგმეს". 

მას შემდეგ, რაც მთავრობამ ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი წაართვა, ცენტრალური ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან ქალაქში განსახორციელები პროექტების შესახებ არაერთ დაპირებას ვისმენთ. 

ერთ-ერთი იყო ელექტრომობილების საწარმო, რომელსაც ელექტრომობილების გამოშვება 2020 წლიდან უნდა დაეწყო. ამ დაპირებიდან ორი წლის თავზე კი, ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ნათია თურავამ განუხორციელებელ დაპირებაში პანდემია დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამის გამო მსოფლიოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა შემცირდა. შესაბამისად, საწარმო ელექტრობარეტეების ქარხნით ჩაანაცვლეს.

ფოტო: არქივი


ამავე თემაზე:

ელექტრომობილები და ელექტრობატარეების საწარმო ქუთაისში - ორი ქარხნის ერთი ბედი

Print