ახალი ამბები
ქუთაისის მერია ორ ახალ ა(ა)იპს ქმნის
FaceBook
ქუთაისის მერიაში ორი ახალი ა(ა)იპ  ორგანიზაცია იქმნება.
მერიის გადაწყვეტილებით,  (ა)იპ "ქუთაისის ბოტანიკური ბაღი-მედეა", რომელიც ახლა ააიპ ,,კულტურულ-სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში" შედის, ისევ ცალკე ორგანიზაციად უნდა ჩამოყალიბდეს. 

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი 2018 წლამდე ა(ა)იპს წარმოადგენდა, თუმცა 5 წლის წინ მერიამ ა(ა)იპის გაუქმება და ბაღის ,,კულტურულ-სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასთან'' შეერთება გადაწყვიტა, რასაც ბაღის დირექტორის პროტესტი და თანამდებობის დატოვება მოჰყვა.

მერიაში მაშინ ირწმუნებოდნენ, რომ გადაწყვეტილება ბაღის  განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ვერ გაამართლა  ამ "ნაბიჯმა". 

მეორე ააიპ ორგანიზაცია, რომელიც მერიის დაქვემდებარაში იქნება,  ა(ა)იპი ,,ქუთაისის ოლიმპიური საცურაო აუზია". 

ქუთაისის ოლიმპიური აუზი 2023 წლის 7 ივნისს გაიხსნა. ქალაქს ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის მიერ დაუფინანსდა, სამუშაოები კი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

"ეს საჭიროა იმისთვის, რომ აღნიშნული ობიექტები იყვნენ დამოუკიდებლები და გადაწყვეტილების მიღებისას სხვადასხვა ინსტაციის გავლა არ მოუწიოთ,’’- განმარტავენ ადგილობრივ თვითმმართველობაში. 

თუ რამდენი ადამიანი იქნება დასაქმებული თითეულ ა(ა)იპში, ამაზე ჯერ  ჩამოყალიბებულები არ არიან.

,,ჯერ ააიპი უნდა შეიქმნას და დანარჩენი საკითხები მერე შეთანხმდება,’’ - გვითხრა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა პეტრე ადამაძემ.

ერთი ორგანიზაიიდან მეორეში გადაპორტირება ან ცალკე ა(ა)იპ  ორგანიზაციის შექმნა ადგილობრივი თვითმმართველობის კარგად  ნაცადი მეთოდია, რომელსაც წინასაარჩევნოდ  კონკრეტული ადამიანების დასაქმების მიზნით იყენებენ. 

2024 წლის ოქტომბერში საქართველოში არჩევნებია, არჩევნებში ა(ა)იპების თანამშრომელთა ჩართულობა და პარტიული აგიტაციისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება აქტიურად ხვდება არასმთავრობო ორგანიზაციების კვლევებში.


Print