ახალი ამბები
ქუთაისში, ელექტროძრავიანი ავტომობილების მფლობელები პარკირების საფასურს აღარ გადაიხდიან
FaceBook
ელექტროძრავიანი ავტომობილების მფლობელები პარკირების საფასურისაგან გათავისუფლებულები იქნებიან.

შესაბამისი დადგენილება ქუთაისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თინათინ ბერიშვილის თქმით, ქალაქში, სპეციალური მანიშნებელი დაფებით იქნება გამოყოფილი ელექტრომობილების დასამუხტი ადგილი (მხოლოდ მისი დამუხტვისათვის საჭირო დროით), სადაც სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალების განთავსება აიკრძალება.

"ელექტრომობილების დასამუხტ ადგილებზე სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალების (გარდა ელექტრომობილებისა დატენვის მიზნით) პარკირება ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად და მასზე რეაგირება მოხდება, პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირის მიერ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით",- განმარტა თინათინ ბერიშვილმა. 

ქუთაისში, ელექტროავტომობილების სამუხტი აპარატები აღმაშენებლის მოედანსა (ე.წ.სვეტებთან) და ფანჯიკიძის ქუჩაზეა დამონტაჟებული. აღნიშნულით მომსახურება ელექტროავტომობილებისთვის უფასოა.

ქალაქის მერიას სამუხტი აპარატების მოწყობა 54 166 ლარი დაუჯდა.

ელექტროძრავიანი ავტომობილებისათვის სამუხტი აპარატების მოწყობა პროექტ "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" ფარგლებში განხორციელდა, რაც ელექტრომობილების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ფოტო: არჩილ გეგენავა
Print