ახალი ამბები
ქუთაისის მერიის შენობაში შესასვლელად ჟურნალისტებს ვადიან საშვებს არ უმზადებენ
FaceBook
ქუთაისის მერია ორი წელია უარს ამბობს ჟურნალისტებისთვის მრავალჯერადი, ვადიანი საშვების დამზადებაზე.
ამ დროისთვის მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ ერთჯერადი საშვებით ისარგებლონ, რაც ყოველი მისვლისას უნდა ამოწერონ. ეს კი, დროის თვალსაზრისით დისკომფორტს ქმნის. 

"საშვების წინააღმდეგი არ ვარ, ეს კულტურის ნაწილია, მაგრამ ხომ შეიძლება ვადიანი საშვები მოგვცენ. მგონი, ამაში რთული და კატასტროფული არაფერია. ასე უფრო მარტივია მუშაობა, ვიდრე ყოველ ჯერზე ახალი საშვის აღება, -ამბობს ,,ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტი, ქეთევან გელაშვილი.

პროფესიულ საქმიანობაში ხელისშემშლელ ფაქტად აფასებს საშვების ამ სისტემას ტელეკომპანია მეგა ტვ-ის ჟურნალისტი თამარ ქავთარაძეც. 

"საშვების სისტემა შემოღებულია რესპოდენტებთან ურთიერთობის გართულების მიზნით. განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც პიარები ჟურნალისტების ზარებს არ პასუხობენ და კვირაობით გვიწევს ლოდინი. გართულებული საკრებულოს სხდომებზე შესვლაც", - ამბობს თამარ ქავთარაძე. 

ქუთაისის მერიამ ჟურნალისტებს, ადმინისტრაციულ შენობაში (საშვის გარეშე) გადაადგილება 2021 წლის 7 აპრილიდან შეუზღუდა. 


Print