ახალი ამბები
"ნუ ეწყინებათ" - მეუფე იოანემ კათოლიკეები ქუთაისის ხარების ეკლესიაში არ შეუშვა
FaceBook
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ კათოლიკეები ღვთისმშობლის ხარების ეკლესიაში არ შეუშვა.

კათოლიკე მრევლი მათთვის ჩამორთმეულ ყოფილ კათოლიკურ ტაძარში, თითქმის 15 წელია, ყოველ 8 დეკემბერს, ღვთისმშობლის უმანკოდ ჩასახვის დღესასწაულზე, მოსალოცად მიდის.

ამისთვის ქუთაისის კათოლიკური სამრევლოს წინამძღვარი გაბრიელე ბრაგანტინი ნებართვას მიტროპოლიტ კალისტრატესგან იღებდა, შემდეგ კი მეუფე იოანესგან, თუმცა, წელს, ეს ერთჯერადი ვიზიტიც ვერ შედგა.

მოძღვარი გაბრიელე ბრაგანტინის განმარტებით, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ, დოგმატის განსხვავებულობის მოტივით, მათ ხარების ეკლესიაში შესვლაზე ჯერ უარი განუცხადა, შემდეგ კი ეზოს ჭიშკარი  ჩაკეტა.

თუ რატომ არ შეუშვა კათოლიკეები, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე იოანე განმარტავს, რომ მათ განსხვავებული დოგმატები აქვთ, ამიტომ „უპრიანია“ საგალობლები თავიანთ ტაძრებში შეასრულონ.

„როცა მე გავეცანი სწავლებას და შევადარე, როგორია პირვანდელი ერთიანი ეკლესიის სწავლება და ღვთისმშობელი, მივხვდი, რომ ეს დოგმატი სრულიად საწინააღმდეგო შედეგს იძლევა. არა განდიდებას ღვთისმშობლის, არამედ მისი ღირსების დაკნინებას ემსახურებოდა. ჩვენთვის მიუღებელია ამგვარი საგალობლების შესრულება ტაძარში, რომელიც ღვთისმშობლის ხარების სახელზეა ნაკურთხი. ჩვენ, ცხადია, ვერ ავუკრძალავთ ამ დღის აღნიშვნას, მაგრამ უპრიანია, შეასრულონ ეს თავიანთ ტაძრებში. ნუ ეწყინებათ, ერთიანი ეკლესიიდან გამოყოფის შემდე,გ მათ მიღებული აქვთ დოგმატები და ამ დოგმატს ჩვენთან არ აქვს კავშირი, ამიტომ ჩვენ არ ვაღიარებთ მათ მსახურებას ჩვენს ტაძრებში“,- განმარტა მეუფე იოანემ.

კათოლიკეებისთვის ღვთისმშობლის ხარების ტაძრის დაბრუნების შესახებ, ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ, საქართველოს მთავრობას წერილობით მიმდინარე წლის იანვარში მიმართა. დოკუმენტში სახელმწიფო მდივანი  ირაკლი ღარიბაშვილს იმ ექვს კათოლიკურ ტაძარს ახსენებს, რომლებიც კათოლიკეებს ჩამოართვეს და მართლმადიდებლებს გადასცეს. პირველი ეტაპისთვის, ის მთავრობას ქუთაისის ყოფილი კათოლიკური ტაძრის დაბრუნებას სთხოვს.

ფოტო: Catholic.ge - კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო

Print