ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში, ნოემბერში, მგზავრების რაოდენობა 86%-ით გაიზარდა
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, 133 732 მგზავრსა და 417 რეისს მოემსახურა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრების რაოდენობა 86%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 56%-ით არის გაზრდილი.

„რაც შეეხება 2023 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებს, ამ პერიოდში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა. 11 თვის ჭრილში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა 1 514 280 მგზავრი გაატარა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 105%-ით აღემატება.

ისტორიულია 11 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იანვარ-ნოემბერში 4 504 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55%-ით მეტია“,- განმარტავენ აეროპორტების გაერთიანებაში.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება, 19 დეკემბრიდან კი აეროპორტში ოპერირებას ვიაკომპანია Pegasus Airlines დაიწყებს და სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.

ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.




Print