ახალი ამბები
200-მდე აღსაზრდელიანი საბავშვო ბაღის არამდგრადი შენობის რეაბილიტაციის ბედი გაურკვეველია
FaceBook
ქუთაისის მერმა არ იცის, რა ბედი ეწევა ქალაქის მე-14 საბავშვო ბაღის შენობას, რომელშიც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შენობის არამდგრადობის გამო შეწყდა.
როგორც იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის შეხვედრაზე მშობლის საპასუხოდ განმარტა, ბაღის შენობის რეაბილიტაცია მომავალი წლის ბიუჯეტში ჩასმული არ არის.

„ჩვენ ველოდებოდით ექსპერტიზას და სამწუხაროდ, მივიღეთ არადამაკმაყოფილებელი პასუხი, რის გამოც დაუყონებლივ მოვახდინეთ ბავშვების გადანაწილება სხვადასხვა საბავშვო ბაღში. მომდევნო წლისთვის 4 ბაღის რეაბილიტაციაა განსაზღვრული, ამასთან, დამატებით ერთ, ახალ ბაღს აშენებს მგფ.  თქვენი ბაღის რეაბილიტაცია მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის, ეს პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ღია ინფორმაციაა, თუმცა ვეცდებით, რომ ისეთი ბაღებისთვის, რომელთა რეკონსტრუქციის გადაუდებელი საჭიროება არსებობს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, მოვახდინოთ თანხების მოძიება“,
- განმარტა იოსებ ხახალეიშვილმა.

ექსპერტიზის პასუხში მხოლოდ ის წერია, რომ ობიექტი გამაგრება/გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობის დანგრევა აუცილებელი არ არის. 




ქუთაისის მე-14 საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, 18 სექტემბერს, დაბზარულ კედლებში განახლდა, რასაც მშობლების პროტესტი მოჰყვა. საფრთხისშემცველი შენობის გამო, დედების ნაწილს ბავშვები ბაღში აღარ დაჰყავდა, ნაწილი კი შვილის სხვაგან გადაყვანას გეგმავდა.

მას შემდეგ კი, რაც ექსპერტიზამ ობიექტის ტექნიკური მდგომარეობა საფრთხის შემცველად შეაფასა, ადმინისტრაციამ აღსაზრდელები "ბაგა-ბაღების გაერთიანების" სხვა ფილიალებში გადაიყვანა.

მაშინ, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი „ქუთაისიპოსტთან“ განმარტავდა, რომ შენობის გასამაგრებელ სამუშაოებზე ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებდნენ, თუმცა შესყიდვების ვებ-გვერდზე არაფერი განთავსებულა.

ქუთაისის მე-14 საბავშვო ბაღს 200-მდე აღსაზრდელი და 40-მდე თანამშრომელი ჰყავს.

ამავე თემაზე:

"კედლები არის დახსნილი, გვეშინია ბავშვების გაჩერების" - რა ხდება ქუთაისის საბავშვო ბაღში

"საფრთხის შემცველია" - ქუთაისის მე-14 საბავშვო ბაღთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

Print