ახალი ამბები
"ხელს უწყობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და ჩვენი აეროპორტი"- ქუთაისის მერი მოსახლეობის შემცირებაზე
FaceBook
ქუთაისის მერი ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლითა და ქუთაისის აეროპორტის არსებობით ხსნის.

იოსებ ხახალეიშვილმა ამის შესახებ ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქუთაისელი ემიგრანტები ქალაქში ევროპაში მიღებული გამოცდილებითა და მეტი უნარ-ჩვევებით დაბრუნდებიან.

„ის, რომ ქუთაისის მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა, ფაქტია, მაგრამ ამას, მინდა გითხრათ, რომ ხელს უწყობს სწორედ ის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და ჩვენი აეროპორტი, რომელიც ძალიან მარტივად აძლევს შესაძლებლობას ჩვენს თანაქალაქელებს, გავიდნენ საზღვარგარეთ და მე ამაში პოზიტივსაც ვხედავ იმ კუთხით, რომ ეს ხალხი, თავის დროზე, რა თქმა უნდა, დაბრუნდება ჩვენს ქალაქში უფრო მეტი გამოცდილებით და უფრო მეტი უნარ-ჩვევებით, რომელსაც ევროპაში მიიღებენ“,
- განმარტა ქუთაისის მერმა.

მოქალაქის კითხვას, ხომ არ აქვს ქუთაისის მუნიციპალიტეტს დემოგრაფიული მუნიციპალური კონცეფცია, თუ სტრატეგია, ან ხომ არაა დაწყებული მუშაობა ამ მიმართულებით, ქუთაისის მერმა ასე უპასუხა:

„დოკუმენტი, რომელზედაც თქვენ ლაპარაკობთ, ჩვენ, ამ წუთას, სამწუხაროდ, არა გვაქვს და ამაზე მუშაობა არ მიმდინარეობს, თუმცა მზად ვართ იმისათვის, რომ აკადემიურ წრეებთან ერთად ვიმუშაოთ ამ დოკუმენტზე, რომელიც ჩვენი ქალაქის დემოგრაფიული და სხვა საკითხების გადაჭრას ხელს შეუწყობს და კიდევ მეტი წარმატებისკენ იქნება მიმართული“,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქალაქში მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, პრემიერის თავმჯდომარეობით დემოგრაფიული საბჭოა შექმნილი და აღნიშნული პრობლემის გამოსასწორებლად მუშაობს.

„მოგეხსენებათ, 21-ე საუკუნეში, მიგრაციული პროცესები მთელს მსოფლიოშია მოცული, ისევე როგორც ევროპაშიც და ჩვენთანაც, როგორც მისი ნაწილი, ამიტომ, სულ მალე, გაჟღერდება ის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც 2024 წელს დაიწყება, რათა შევეცადოთ და ერთად გამოვასწოროთ დემოგრაფიული ვითარება საქართველოშიც და მათ შორის, ქუთაისშიც",- განმარტა ზაზა ლომინაძემ.

ქუთაისი მოსახლეობის რაოდენობით საქართველოში მეოთხე ადგილზეა. საქსტატის 2023 წლის მონაცემით, ქუთაისში ​130,4 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მაშინ როცა მისი მოსახლეობა 1994 წელს 232,2 ათასი იყო.

ქალაქმა მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქის სტატუსი ორი წლის წინ დაკარგა, ის ბათუმმა ჩაანაცვლა. წელს კი ქუთაისზე მეტი მოსახლეობა რუსთავში აღირიცხა.

ბოლო 11 წლის განმავლობაში ქუთაისი 23.3 ათასმა ადამიანმა დატოვა. 

Print