ახალი ამბები
რატომ იყიდება ქუთაისის "მადლიერების სახლის" შენობა - მერიის განმარტება
FaceBook
ქუთაისის მერიაში, "მადლიერების სახლთან" დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიგა შუშანიას გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ადასტურებენ, რომ "მადლიერების სახლი" საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეტანილია, თუმცა, მათივე განცხადებით, მანამ არ გასხვისდება,  ვიდრე მერია ალტერნატიულ შენობას არ მოაწყობს.

„საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და მოსახლეობისთვის დეზინფორმაციის მიწოდების მორიგი მცდელობა იყო "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგა შუშანიას განცხადება ქუთაისის მადლიერების სახლთან დაკავშირებით. "მადლიერების სახლის" შენობა შეტანილია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში, თუმცა ქუთაისის მერია ზრუნავს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობის მოწყობისთვის, მანამდე კი, ყველა ორგანიზაცია, რომელიც აღნიშნულ შენობაშია, გააგრძელებს მუშაობას და მადლიერების სახლის შენობა არ გასხვისდება”,
- განმარტავენ ქუთაისის მერიაში.

მათივე ინფორმაციით, ობიექტი, რომელშიც, ამჟამად, „მადლიერების სახლი“ და კიდევ რამდენიმე სხვა ორგანიზაციაა განთავსებული, თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

„მოუხერხებელია იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ძირითადად სარგებლობს მადლიერების სახლისა და მერიის სოციალური სამსახურის სერვისებით. ამიტომ, ქუთაისის მერიის მიზანია, უზრუნველყოს ახალი შენობის სათანადოდ მოწყობა, რათა „მადლიერების სახლის“ ბენეფიციარებს და მოქალაქეებს განახლებული, კომფორტული და მათ საჭიროებებზე გათვლილი სერვისები შესთავაზოს“
,- განმარტავენ მერიაში. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ „მადლიერების სახლთან“ დღეს დილით ბრიფინგი გამართა, სადაც განმარტა, რომ ქალაქის მერმა აღნიშნული შენობა გასაყიდი ობიექტების ნუსხაში ისე ჩასვა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ალტერნატიულის ასაშენებლად თანხა გამოყოფილი არ არის.

ქუთაისის "მადლიერების სახლს“ 650  ბენეფიციარი ჰყავს.


ამავე თემაზე:

"ეს არის მერის მორიგი ახირება" - "მადლიერების სახლი" გასაყიდი ობიექტების ნუსხაში შეიტანეს

Print