ახალი ამბები
"შენი ხმა ევროკავშირს" - ქუთაისში, თეთრ ხიდზე, ვარსკვლავი გაიშალა
FaceBook
“შენი ხმა ევროკავშირს“ - ქუთაისში, თეთრ ხიდზე, სამოქალაქო აქტივისტებმა, სიმბოლურად ვარსკვალი გაშალეს.

აღნიშნული საქართველოს კიდევ 11 რეგიონში დამზადებულ ვარსკვლავთან ერთად თბილისში გაიგზავნება და 9 დეკემბერს, ევროპის მოედანზე გასამართი მარშისთვის, რეკორდული ზომის ევროკავშირის დროშის შემადგენელი ნაწილი იქნება.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ქართველი ხალხის ერთიანობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს, ამიტომ, როგორც მანამდე, ახლაც, ევროკავშირს კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა და გავაგონოთ ჩვენი ხმა.

„ჩვენ მოვიარეთ თითქმის მთელი საქართველო, დღეს ქუთაისში ვართ და თან გვაქვს იმერეთის ვარსკვლავი, რომელიც ამ ქალაქში, ცოტა ხნის წინ, შეიკერა და რომელსაც ჩავიტანთ საბოლოოდ თბილისში. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მსგავსი აქტივობა, მათ შორის სიმბოლოები. ჩვენ ვიცით, ქართველი ხალხის მხარდაჭერას, ევროპულ აზროვნებას და ევროინტენგრაციის დიდ სურვილს, როგორ გაესვა ხაზი ევროკომისიის და ევროპარლამენტარების მხრიდან. ვიცით, ისიც რომ მთავარი ძალა, რაც ევროპას აფიქრებინებს, რომ ეს ქვეყანა არ უნდა მიატოვოს, ვართ ჩვენ, ადამიანები. ამიტომ გვინდა, ერთი კვირით ადრე, სანამ გამოცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსი, კიდევ ერთხელ გავაგონოთ ქართული ხმა მათ",- ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ ჩაჩანიძე.

ევროკავშირის დროშის 12 ვარსკვლავი საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში დამზადდება. 

ევროკომისიამ 8 ნოემბერს საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადებითი რეკომენდაცია გასცა. საბოლოო გადაწყვეტილება კი, ევროპულმა საბჭომ 15 დეკემბერს  უნდა მიიღოს. 

Print