ახალი ამბები
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერს ქალაქის ქონების ფარულ განკარგვაში ადანაშაულებს
FaceBook
ბესიკ ბრეგაძე გაიჯარებული ობიექტების ნუსხის გასაჯაროებას გეგმავს

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესიკ ბრეგაძე ქალაქის ბალანსზე არსებული იმ ობიექტებისა და მიწის ნაკვეთების გასაჯაროებას გეგმავს, რომლებიც მისივე თქმით, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ  ფარულად გაასხვისა.

ბესიკ ბრეგაძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მერს ქალაქის ბალანსზე არებული ქონების პირადი გადაწყვეტილების მიხედვით განკარგვის უფლება მიეცა, ქალაქში რამდენიმე ობიექტი თვითმმართველობის გვერდის ავლით გასხვისდა.

"შემოდის საკრებულოზე საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა და მერე ვეღარ ვიგებთ როგორ ხდება მათი განკარგვა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილების შეტანით, საკრებულომ პირდაპირი დელეგირება გაუკეთა ქალაქის მერს, რათა მან სხვადასხვა ფორმით განკარგოს ქონება. ჩვენ კი კონტროლის მექანიზმად მხოლოდ ელექტრონული აუქციონები დაგვრჩა, ხოლო რაც შეეხება გაიჯარებასა და პირდაპირი მიყიდვის წესს, ამ შემთხვევაში არ ვიცით რას და როგორ ყიდის ან აიჯარებს ქალაქის მერი",–აცხადებს ბესიკ ბრეგაძე.

ბრეგაძე, მისივე თქმით, ფარულად გასხვისებული ობიექტებისა და მიწის ნაკვეთების სიას მალე გაასაჯაროებს.

ბრალდებას უარყოფს  თავად ქალაქის მერი. შოთა მურღულია ამბობს, რომ მსგავსი რამ შეუძლებელია და საკრებულოს გვერდის ავლით გასხვისებული ქონება  არ არსბობს.
Print