ახალი ამბები
აქვთ თუ არა ბინები სასტუმრო "თბილისის" ყოფილ შენობაში მცხოვრებლებს - დევნილთა სააგენტოს განცხადება
FaceBook
ქუთაისში, სასტუმრო „თბილისის“ ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილების პროტეტს დევნილთა სააგენტო ეხმიანება.

უწყებამ განცხადება მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ობიექტში მცხოვრებლებმა დღეს გზის გადაკეტვა სცადეს.

როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში განმარტავენ, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შენობა ისე გაიყიდა, რომ იქ მცხოვრები დევნილი ოჯახები სახელმწიფომ საცხოვრებლით არ უზრუნველყო, სიმართლეს არ შეესაბამება.

„აღსანიშნავია, რომ ყოფილ სასტუმრო „თბილისში“ რამდენიმე დევნილი ოჯახი რჩება, საიდანაც ერთ-ერთი ოჯახი შენობაში მისი ოფიციალურად დახურვის შემდეგ შესახლდა. ასევე, შენობაში ცხოვრობს დევნილი ოჯახი, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან, საცხოვრებლით უზრუნველყოფის სანაცვლოდ, მიღებული აქვს ფულადი კომპენსაცია. შენობაში მყოფ კიდევ ერთ ოჯახს კი, საკუთრებაში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი გააჩნია. შესაბამისად, სახელმწიფოს აღნიშნული ოჯახების უპირობო განსახლების ვალდებულება არ გააჩნია“, - აღნიშნულია დევნილთა სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სასტუმრო „თბილისი", როგორც დევნილთა საცხოვრებელი ობიექტი, ოფიციალურად 2020 წელს დაიხურა, როცა სახელმწიფომ იქ მყოფი 34 ოჯახი ბინებით დააკმაყოფილა.

"ქუთაისში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით 720 ბინის მშენებლობა მიმდინარეობს. დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა აქვთ ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადი შეავსონ და მათი საკითხი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილება. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად დახურული ობიექტიდან შევსებული განაცხადი არ განიხილება", - განმარტავენ უწყებაში.

სასტუმრო „თბილისის“ ყოფილ შენობასთან დევნილებმა, დღეს, გზის გადაკეტვა სცადეს. ამით მათ შენობის დემონტაჟი გააპროტესტეს. ისინი ამბობდნენ, რომ ინვესტორი ობიექტის დატოვებას სთხოვს, წასასვლელი კი არ აქვთ, ვინაიდან, მათი მტკიცებით, სახელმწიფოსგან ბინები არ მიუღიათ.

ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სასტუმროს შენობა აუქციონზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გაიტანა.

ობიექტი შპს „პრემიუმ ქონსტრაქშენმა“ 2 მილიონ 155 000 ლარად შეიძინა. 


ამავე თემაზე:

"გვითხრან, რა ბედი გველის" - სასტუმრო "თბილისში" მცხოვრებმა დევნილებმა გზის გადაკეტვა სცადეს

"სანამ გაიყიდებოდა, ვინმე ხომ უნდა მოსულიყო ჩვენთან?" - სასტუმრო "თბილისის" შემოღობვა დაიწყეს

"გზას გადავკეტავთ" - სასტუმრო "თბილისის" შენობა, სადაც დევნილები ცხოვრობენ, გაიყიდა



Print