ახალი ამბები
"გვითხრან, რა ბედი გველის" - სასტუმრო "თბილისში" მცხოვრებმა დევნილებმა გზის გადაკეტვა სცადეს
FaceBook
ხმაური იყო, ცოტა ხნის წინ, სასტუმრო „თბილისის“ შენობასთან, სადაც იქ მცხოვრებმა დევნილებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ამის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს და ისინი გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანეს.

ამ გზით მათ იმ შენობის დემონტაჟი გააპროტესტეს, სადაც წლებია ცხოვრობენ.

ობიექტში, ამ ეტაპზე, სამი ოჯახია დარჩენილი. ისინი ამბობენ, რომ ინვესტორი შენობის დატოვებას სთხოვს, წასასვლელი კი არ აქვთ, ვინაიდან, მათივე მტკიცებით, სახელმწიფოსგან ბინები არ მიუღიათ.



„დილით გამოჩნდნენ მუშები შენობის დასანგრევად, მაგრამ როცა გაიგეს, ჟურნალისტები მოდიოდნენ, გაჩერდნენ. როდემდე უნდა ვიყოთ ამ შიშში? გვესმის, რომ ინვესტორმა შეიძინა შენობა და თავისი საქმე აქვს, მაგრამ ჩვენ სად წავიდეთ? სადაც უნდათ იქ გადაამოწმონ, ბინა რომ მქონდეს მიღებული, ჩემს შვილს აქ გავაჩერებდი? ნახეთ, რა პირობებში ვცხოვრობთ, წყალი ჩამოგვდის. მოგვცენ თავშესაფარი და წავალთ აქედან“,- განმარტავს დევნილი მაია შუბითიძე.

დევნილები ამბობენ, რომ დახმარებისთვის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლობას მიმართეს, რომლებმაც ობიექტი გასაყიდად გაიტანეს.  

"გვითხრეს, მეხუთე სართულიდან ვიწყებთ დანგრევას და დენსაც გამოგირთავთო. გამოდის რომ ქუჩაში ვრჩებით, უპატრონოდ. ვახტანგ ერემეიშვილს (სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის უფროსს) მინდა მივმართო, რცხვენოდეს, მოგვწერა, თვითნებურად შემოიჭერით შენობაში და თუ არ გამოხვალთ, ძალით გამოგიგყვანთო. დედის ტოლა ქალს ასე უნდა მომმართოს? ნახოს, თუ სადმე მაქვს ბინა, ან თავშესაფარი“,- ამბობს დევნილი ნაზი მოდებაძე.



თუ რა ბედი ელით სასტუმრო „თბილისში“ დარჩენილ დევნილებს - ამის გარკვევა ჩვენ ჯერ იმერეთის დევნილთან სამმართველოსთან და შემდეგ დევნილთა სამინისტროსთან ვცადეთ, თუმცა გვითხრეს, რომ წერილობით უნდა მიგვემართა. 

ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სასტუმროს შენობა აუქციონზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გაიტანა.

ობიექტი შპს „პრემიუმ ქონსტრაქშენმა“ 2 მილიონ 155 000 ლარად შეიძინა. 


ამავე თემაზე:

"სანამ გაიყიდებოდა, ვინმე ხომ უნდა მოსულიყო ჩვენთან?" - სასტუმრო "თბილისის" შემოღობვა დაიწყეს

"გზას გადავკეტავთ" - სასტუმრო "თბილისის" შენობა, სადაც დევნილები ცხოვრობენ, გაიყიდა

Print