ახალი ამბები
დაიწყეთ გამოძიება მგფ-ის სავარაუდო კორუფციულ დანაშაულზე -,,სავანეს" მფლობელები პროკურატურას მიმართავენ
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ პარკში მდებარე კაფის ,,სავანეს’’ მფლობელებმა  საქართველოს გენერალურ პროკურატურას  ოფიციალური განცხადებით მიმართეს. 

ძმები ტურაბელიძეები  აცხადებენ, რომ  უწყებას უნდა დაინტერესდეს  მუნიციპალური განვითარების ფონდის შესაძლო კორუფციული საქმეებით, რომელიც ქალაქის ცენტრალურ პარკს და მათ კაფეს უკავშირდება. 

ისინი  საქართველოს პროკურატურას ობიექტური გამოძიებისკენ და შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდებენ.

საქმე ეხება ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციის პროექტს, რომლის თაობაზეც მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა ელექტრონული ტენდერი გასულ წელს გამოაცხადა. შედეგად, ფონდმა ხელშეკრულება შპს ,,დაგთან’’ გააფორმა. 

რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტში იმ შენობების დემონტაჟზეა საუბარი, რომელებიც ბაღში ფიზიკურად არ არის. გარდა ამისა, დოკუმენტში არსად ჩანს ,,სავანეს’’ შენობა, არადა ქუთაისის მერიის იურისტებმა სწორედ მითითებული დოკუმენტი წარუდგინეს მტკიცებულებად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მერისა და ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის არსებული დავის სასამართლო პროცესზე, რომელიც კაფის დემონტაჟს ეხებოდა. მერიის იურისტები აცხადებდნენ, რომ ,,სავანეს’’ შენობა უნდა დანგრეულიყო, რადგან ობიექტი ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციის პროექტში არ ჯდებოდა.

კვების ობიექტის მფლობელები ამბობენ, რომ მითითებული დოკუმენტში კორუფციის ნიშნები იკვეთება და საქმე უნდა გამოიძიონ. მუნიციპალური განვითარების ფონდი კი ამტკიცებს, რომ დოკუმენტი ზოგადია და ცენტარლური ბულვარის რეაბილიტაციას არ ასახავს.

"თუ ეს ხელშეკრულება რეალურია, მაშინ საქმე კორუფციასთან გვაქვს. ხოლო თუ დოკუმენტი ზოგადია, რასაც მუნიციპალური განვითარების  ფონდი ამტკიცებს, მაშინ გამოდის, რომ მერიის იურისტებმა სასამართლოს არასწორი მტკიცებულებები წარდაგინეს და პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს", - ამბობს "სავანეს"  მფლობელი გიორგი ტურაბელიძე.

ტურაბელიძეებმა იგივე განცხადება დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაშიც შეიტანეს 1 დეკემბერს.

ქუთაისის მერიასა და ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის სასამართლო დავები 13 ოქტომბრიდან მიმდინარეობდა. მერია კაფის დემონტაჟს და მეპატრონეებისგან 200 ათას ლარამდე საიჯარო დავალიანების გადახდას ითხოვდა. 16 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დარინა აბულაძემ კვების ობიექტის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება მეპატრონეებისგან საიჯარო თანხის გადახდას, ამ ნაწილში მერიის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მანამდე კი, 4 წლით ადრე, ქუთაისის მერიასა და კაფე-ბარ ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის დავა იმ მიწის საკითხზე მიმდინარეობდა, რომელზეც სავანე დგას. კაფის მფლობელები ამბობდნენ, რომ შენობასთან ერთად მათ მიწაც იყიდეს და ის მათი საკუთრებაა, მერიაში კი აცხადებდნენ, რომ ,,სავანე’’ კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიაზეა აშენებული და ის სკვერს წარმოადგენს, სკვერი კი კერძო საკუთრება ვერ იქნება. სასამართლო დავების შედეგად, ორივე ინსტანციის სასამართლომ მიწის მესაკუთრედ მერია აღიარა.

Print