ახალი ამბები
პროტესტის მეოთხე დღე - მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზს" შორის შეთანხმება ისევ ვერ შედგა
FaceBook
ჭიათურის მუნიციპალიტეტში 13 მაღარო მეოთხე დღეა გაჩერებულია.
დარკვეთის მაღაროს გაფიცული თანამშრომლები და დამსაქმებელი კომპანიის „ჯორჯიან მანგანეზი“ წარმომადგენლები შეთანხმებას ამ დრომდე ვერ აღწევენ.

მათ შორის შეხვედრა ორი დღის წინ შედგა, თუმცა უშედეგოდ.

როგორც გაფიცულები განმარტავენ, კომპანია თანახმაა, ისინი ე.წ ვახტური რეჟიმით (თვეში 15 დღით მუშაობა და მომდევნო 15 დღით დასვენება) ამუშაოს, თუმცა, სახელფასო ანაზღაურებას არ ზრდის.

„ჩვენი მოთხოვნები შეეხება 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე დარკვეთის მაღაროს თანამშრომლების გადასვლას, შესაბამისი ანაზღაურებით. კომპანიის წარმომადგენლებთან შევთანხმდით გრაფიკულ დღეებზე, საათობრივებზე, მაგრამ ვერ შევთანხმდით სახელფასო ანაზღაურებაზე, რაც ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი“, - ამბობს მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე.

დარკვეთი მაღაროს თანამშრომლები, სხვა მაღაროებში დასაქმებულებისგან განსხვავებით, გაფიცვამდე 7-საათიანი გრაფიკით მუშაობდნენ.

„5 საათს ვიმატებთ იმის გულისთვის, რომ რაღაცა ორი კაპიკი ავიღოთ და მივიტანოთ ოჯახში. არარეალურია, დააკლო ერთ ვახტას და 9 ვახტას სხვა მისცე“,
- განმარტავს მაღაროელი შოთა ღუღუნიშვილი.

გაფიცულების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, პროტესტი გაცილებით უფრო სხვა მასშტაბებსა და ფორმებს მიიღებს.

ამავე თემაზე:

პროტესტის მეორე დღე ჭიათურაში - დარკვეთის მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროს თანამშრომლები გაიფიცნენ


Print