ახალი ამბები
ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროს თანამშრომლები გაიფიცნენ
FaceBook
ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროს თანამშრომლები გაიფიცნენ.

ისინი ხელფასების გაზრდას და 12-საათიან ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადასვლას ითხოვენ, რაც თვეში 15 დღით მუშაობას და მომდევნო 15 დღით დასვენებას გულისხმობს.

ერთ-ერთი მაღაროელის თქმით, კომპანიამ 5 თვის წინ პირობა დადო, რომ მათ სამუშაო გარემოს გაუუმჯობესებდნენ, თუმცა სამუშაო პირობები არ შეცვლიათ, პირიქით, გაუუარესდათ.

მაღაროელები ამბობენ, რომ სამშაბათს შპს „მაღაროელის“ დირექტორს ანდრიი ბარაბახსაც შეხვდნენ, სადაც გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ, ხელფასის მომატების თაობაზე კი პასუხს ელოდებოდნენ.

„მივაღწიეთ შეთანხმებას ყველა საკითხთან დაკავშირებით, გარდა ერთისა, რომ ვერ მოგვიმატებდნენ ხელფასს. ბატონმა ბარაბახმა განაცხადა, რომ ფინანსურ საკითხს თვითონ ვერ წყვეტდა და დარეკავდა სათავო ოფისში და მოგვაწვდიდა ინფორმაციას.

დღეს გვითხრეს, რომ შეგვიძლია ვიმუშაოთ 12-საათიანი გრაფიკით, ოღონდ ვერ გაგვიზრდიან სატარიფოს, სახელფასო ანაზღაურებას, რაც დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. არ შეიძლება იზრდებოდეს სამუშაო დრო და არ იზრდებოდეს შესაბამისად სახელფასო ანაზღაურება. ამიტომ, დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, გავიფიცოთ, გავჩერდეთ“, - ამბობს ერთ-ერთი მაღაროელი.

ის სხვა მაღაროელებსაც  მოუწოდებს, რომ მათ სოლიდარობა გამოუცხადონ.

დარკვეთის მაღაროს თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით, "ჯორჯიან მანგანეზის" პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს.

ჭიათურაში მაღაროელები 5 თვის წინაც იყვნენ გაფიცული. ისინი ხელფასების 20%-ით გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომითი ნორმების დაცვას ითხოვდნენ. 19-დღიანი პროტესტის შემდეგ, მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის მოლაპარაკება შედგა.


Print