ახალი ამბები
"გაგზავნილია იუნესკოში ის დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც მოხდება საბოლოოდ მისი გადახურვა დროებით"
FaceBook
გელათის სამონასტრო კომპლექსში რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის წევრები იმყოფებოდნენ.
კომიტეტის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, ამ ეტაპზე მონასტრისთვის დროებითი გადახურვის მოსამზადებლად ლოჯისტიკური სამუშაოები მიმდინარეობს.

„უკვე გაგზავნილია იუნესკოში ის დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც მოხდება საბოლოოდ მისი გადახურვა დროებით. ახლა ხდება ტექნიკური საკითხების შეთანხმება, როცა ჩამოვა მასალა გერმანიიდან, სად უნდა მოხდეს მისი შენახვა. ამასთან, არის იდენტიფიცირებული ზონები, რომელთაც აქვთ სხვადასხვა ტიპის დაზიანება. ეს ყველაფერი არის განსაზღვრული, ამის მიხედვით არის შედგენილი გეგმა. ჯგუფები მუშაობენ, დაყენებულია სპეციალური აპარატურა, რომელიც ახდენს მუდმივ დაკვირვებას“,- განმარტავს დავით ლორთქიფანიძე.

მონასტრის გადახურვა გაზაფხულზე  უნდა დაიწყოს, როდესაც მოიხსნება არსებული დროებითი კონსტრუქცია, რომელიც დაზიანებული ფრესკების გამოშრობას უშლის ხელს.

„მე როგორც ვიცი, ეს დროებითი გადახურვა, რაც არის ახლა გაკეთებული, ჟესტის, ის არ უშვებს წყალს. ამ ტიპის გადახურვის პრობლემა არის ის, რომ არ ხდება გამოშრობა კედლების, ანუ ვერ ხერხდება მკურნალობა, განიავება. ამიტომ არის აუცილებელი კიდევ ერთი დროებითი გადახურვის მოწყობა, რომ ეს დროებითი გადახურვა მოვხსნათ და შემდეგ უკვე დავიწყოთ შრობა“,- ამბობს არქიტექტორი ვახტანგ ზესაშვილი.

გელათის რეაბილიტაციის პროცესის მართვა საქართველოს საპატრიარქომ კულტურულის სამინისტროსგან 2023 წლის 7 აპრილს გადაიბარა.

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები 2019 წელს წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა.

Print