ახალი ამბები
„ჩვენ არ ვართ „გირჩის“ სატელიტი“,-არასამთავრობო ორგანიზაცია ქუთაისის მერიას მიმართავს
FaceBook
ორგანიზაციამ დამატებითი განმარტებები დევნილთა დასახლებაში ტრანსპორტის დანიშვნაზე გააკეთა

არასამთავრობო ორგანიზაცია "ინტერკულტურული დიალოგის ცენტრმა", ქუთაისში, დევნილთა დასახლებაში საქალაქო ტრანსპორტის დანიშვნასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა. ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ქუთაისის მერიამ დევნილთა პრობლემის "გირჩის" ოფისში გახმაურების გამო, მათი ამ პოლიტიკურ ცენტრთან იდენტიფიცირება მოახდინა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

"ჩვენ არ ვართ "გირჩის" სატელიტი ორგანიზაცია. "გირჩის" ქუთაისის ოფისმა მხოლოდ შენობა დაგვითმო და მატერიალურად დაგვეხმარა კვლევის ჩატარებაში. ქუთაისის მერია ამით საკითხის პოლიტიზებას ცდილობს. სინამდვილეში მათ ძნელად წამოუდგენით, რომ არასამთავრობო ორგანიზიაციამ შესაძლოა მოსახლეობის სოციალურ პრობლემებზე გაამახვილოს ყურადღება. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ , ქალაქის ხელისუფლებამ განგვიმარტოს, რატომ იქნება # 35 სამარშრუტო ხაზი არარენტაბელური, თუ იგი შეიცვლის სვლაგეზს და ჭონქაძის ქუჩაზეც შევა?!",- ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ინტერკულტურული დიალოგის ცენტრის" წარმომადგენელი მალხაზ რეხვიაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ჭონქაძის ქუჩაზე საქალაქო ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით ქუთაისის მერიას გუშინ მიმართა. საპასუხო წერილში მერიამ განმარტა, რომ # 35 სამარშუტო ხაზი არარენტაბელურია და სანაცვლოდ მერია ახალი ხაზის (#101) დანიშვნას განიხილავს, რომელიც დევნილთა დასახლებაში შევა.

Print