ახალი ამბები
"გზას გადავკეტავთ" - სასტუმრო "თბილისის" შენობა, სადაც დევნილები ცხოვრობენ, გაიყიდა
FaceBook
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „თბილისის“ შენობა, სადაც დევნილები არიან შესახლებული, გაიყიდა.

შენობა აუქციონზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გაიტანა, ახლა კი მისი მესაკუთრე შპს „პრემიუმ ქონსტრაქშენია“, რომელმაც ობიექტი 2 მილიონ 155 000 ლარად შეიძინა. საინვესტიციო შეთავაზებაში შენობის პროფილად სასტუმრო/დეველოპმენტია მითითებული.

შენობის ახალი მეპატრონემ სასტუმრო "თბილისში" შესახლებული 7-მდე ოჯახის გამოსახლება რამდენიმე დღის წინ სცადა, თუმცა მედიასაშუალებების გამოჩენის შემდეგ, პროცესი გადაიდო. 

როგორც ლევან ჭითანავამ ჟურნალისტებთან განმარტა, შენობის დატოვებასთან დაკავშირებით ობიექტში დაბინავებულები გაფრთხილებულები იყვნენ. 

დევნილები კი, რომლებიც ისედაც ნახევრად დანგრეულ შენობაში ცხოვრობენ, ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ, რადგან, გასულ წლებში, ბინების მიმღებთა სიაში ვერ მოხვდნენ. ისინი ითხოვენ, ერთი ოთახი მაინც გამოუყონ, რომ ეს ზამთარი როგორმე გაატარონ.

„არ გვაქვს თავშესაფარი და სად წავიდეთ? მოგვცემ ერთი ოთახი, მეტს ხომ არ ვითხოვთ? არავინ არაფერს არ გვეუბნება და ვართ ასე უპატრონოდ“,- ამბობს ნაზი მოდებაძე.

„ორი მცირეწლოვანი ბავშვი მყავს, აქედან ერთი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონეა. ქირის გადახდის საშუალება არ გვაქვს და სად წავიდეთ? ხომ შეიძლება ამ ზამთარში მაინც გაგვაჩერონ აქ, ან თავშესაფარი მოგვცენ, რომ სადღაც წავიდეთ“,
- ამბობს თამარ თითბერიძე.

შენობის ახალი მეპატრონე კი მათ ქალაქის მერიასთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ამისამართებს.

რა ბედი ეწევა სასტუმრო „თბილისში“ შესახლებულ ოჯახებს - ამის გარკვევა იმერეთის დევნილთა სამმართველოში ვცადეთ, თუმცა ჩვენს ზარებს არ უპასუხეს, ინვესტორმა კი გამოსახლების პროცესი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს განაახლოს. ასეთ შემთხვევაში იქ მცხოვრები ადამიანები გზის გადაკეტვას აანონსებენ.

ასათიანის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სასტუმროს შენობა ერთ-ერთია იმ 22 ობიექტს შორის, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაიტანა.


Print