ახალი ამბები
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება
FaceBook
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება და იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მსურველებს, შესაძლებლობა აქვთ, ვაქცინა, ქვეყნის მასშტაბით, გაიკეთონ.

ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე, უფასო ვაქცინაცია იმ ჯგუფებს ჩაუტარდათ, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვს.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ პროგრამა გაფართოვდა და უფასოდ, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის შესაძლებლობა იმ პირებსაც აქვთ, რომლებიც რისკ ჯგუფებში არ შედიან.

ჯანდაცვის სამინისტრომ, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამისთვის, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულთა შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

ვაქცინაცია სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია. ის 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა. 

ქუთაისში მცხოვრებლებს ვაქცინაციის ჩატარება შეეძლებათ ქუთაისის N3 ბავშვთა პოლიკლინიკაში (ჯავახიშვილის N85), სამედიცინო ცენტრ დიომედში (ჩხობაძის N16), ქალთა ჯანმრთელობის ცენტრ ჰერაში (ს.მესხის 67), ქუთაისის N4 შერეულ პოლიკლინიკაში (ნიკეას N46ბ), ნაზარიშვილის სახ. საოჯახო მედიცინისა და საოჯახო მედიცინის რეგიონულ სასწავლო ცენტრში (თამარ მეფის 5/7), ქუთაისის N1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრსა (ტ. ტაბიძის N23) და ქუთაისის ბავშვთა და მოზრდილთა #4 სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრში (კ.მესხის 5).


Print
თეგები: #ვაქცინაცია