ახალი ამბები
"სავანეს" შენობა უნდა დაინგრეს - მოსამართლის გადაწყვეტილება
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფის ,,სავანეს" შენობა უნდა დაინგრეს - შესაბამისი გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დარინა აბულაძემ ცოტა ხნის წინ  გამოიტანა.

კაფე-ბარის მფლობელები მიღებულ გადაწყვეტილებას არაობიექტურს უწოდებენ და მოსამართლის მიკერძოებულობას უსვამენ ხაზს. ძმები ტურაბელიძეები ,,სავანეს" შესანარჩუნებლად ბრძოლას სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებენ.

"დანებებას არ ვაპირებთ. საკუთრების დასაცავად, სამართლიანობის აღსადგენად ბრძოლა გრძელდება," - ამბობს ,,სავანეს" მესაკუთრე გიორგი ტურაბელიძე.

ქუთაისის მერიასა და ,,სავანეს’’ მესაკუთრეებს შორის დავა ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ დაიწყო. მაშინ მერიის მხრიდან დავის საგანი მიწის ნაკვეთის საკუთრების საკითხი იყო, რომელზეც კაფე დგას.
ორივე ინსტანციის სასამართლომ მიწის მესაკუთრედ მერია აღიარა.

ამის შემდეგ, მერიამ მეპატრონეებთან ახალი დავა, ამჯერად, შენობაზე დაიწყო. ადგილობრივი თვითმმართველობა კაფის დემონტაჟს და 185 ათასი ლარის საიჯარო დავალიანების გადახდას ითხოვდა.

მერიის იურისტები სასამართლო პროცესებზე განმარტავდნენ, რომ ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, "სავანე'' ქალაქის არქტიტექტურულ იერსახეში არ ჯდება და უნდა დაინგრეს.

ქალაქის ცენტრალურ ბაღში კაფე 23 წლის განმავლობაში მუშაობდა. კვების ობიექტს ბოლო ოთხი წელი აღარ უმუშავია. 90–იან წლებში ის ბამბუკის მსუბუქ კონსტრუქციას წარმოადგენდა, სადაც ღია სანაყინე ფუნქციონირებდა. ობიექტს თავდაპირველად ამხანაგობა „მაგნოლია“ ფლობდა. 1995 წელს კი ის შპს „ნიკოლომ“ 8 986 ამერიკულ დოლარად შეისყიდა.

Print