ახალი ამბები
"ტყის კოდექსის" პროექტის განხილვა ქუთაისში
FaceBook
ხე–ტყის დამზადებისთვის ახალი ლიცენზიების გაცემა საჭირო აღარ იქნება

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ქუთაისში ახალი "ტყის კოდექსის" სამუშაო ვერსია განიხილეს. კოდექსის პირველადი ვერსია სრულიად ცვლის ტყით სარგებლობის მოქმედ სისტემას.

სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, უმთავრესი ცვლილება, რაც პროექტში კანონად მიღების შემდეგ მოხდება, ტყის სოციალური ჭრის პრაქტიკის დასრულებაა.

"აღარ უნდა არსებობდეს ისეთი მახინჯი პრაქტიკა, როგორიცაა სოციალური ჭრა. ასეთ მეთოდებს არც ევროპული სტანდარტები ცნობს და არც ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში მოქმედებს. მთავარს უნდა მოვხვდეთ, რომ ეროვნული საგენტო არ არის შეშის გამცემი ორგანო. ტყის მართვის ორგანოს უნდა დაუბრუნდეს მეურნეობის ფუნქცია. წლების განმავლობაში ტყის სარგებლობაში გადაცემის არსებულმა მეთოდებმა, მნიშვნელოვნად შეამცირა ტყის რესურსი ქვეყანაში",–განაცხადა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა.

პროექტის ავტორთა თქმით, სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი სტანდარტები აღმოფხვრის დისბალანსს ტყის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. გაზრდის როგორც ტყის მოცულობას, ასევე ხელს შეუწყობს ტყის მრავალფუნქციურ სარგებლობას, მათ შორის უზრუნველყოფს საკურორტო–სარეკრეაციო თვისებების მქონე ტყის ფუნქციის სწორად გამოყენაბას.

ახალი კოდექსი არ ითვალისწინებს ხე–ტყის დამზადების ახალი ლიცენზიების გაცემას.

კანონიპროექტის სამუშაო ვერსიის განხილვა დასავლეთ საქართველოში ქუთაისიდან დაიწყო. პროექტი უკვე განიხილეს აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში.

კანონპროექტი ძალაში 2017 წლის 1 იანვრიდან უნდა შევიდეს.

Print