ახალი ამბები
"სავანეს'' შესაძლო დანგრევასთან დაკავშირებით მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფის  "სავანეს"  შესაძლო დანგრევასთან დაკავშირებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.
სწორედ დღეს გაირკვევა დაანგრევენ თუ არა ,,სავანეს’’ შენობას. გადაწყვეტილებას მოსამართლე დარინა აბულაძე გამოაცხადებს. პროცესი 17:30 საათზეა ჩანიშნული.

კაფის მეპატრონეები აცხადებენ, რომ თუ სასამართლო ობიექტის დემონტაჟს გადაწყვეტს, ისინი ბრძოლას გააგრძელებენ. ტურაბელიძეები საზოგადოებას მოუწოდებენ, შეიკრიბონ საქალაქო სასამართლოსთან და დააფიქსირონ თავინათი პოზიცია საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებით. 

"დღევანდელ საქართველოს პირობებში რთულია სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი გქონდეს. ჩვენ უსამართლობას არ დავნებდებით. თუ მოსამართლემ ჩვენი საკუთრების დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო, ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ. ჯერ დაველოდოთ რა იქნება", - ამბობს კაფე-ბარის ერთ-ერთი მფლობელი გიორგი ტურაბელიძე.

ქუთაისის მერიასა და ,,სავანეს’’ მესაკუთრეებს შორის დავა ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ დაიწყო. მაშინ მერიის მხრიდან დავის საგანი მიწის ნაკვეთის საკუთრების საკითხი იყო, რომელზეც კაფე დგას.
ორივე ინსტანციის სასამართლომ მიწის მესაკუთრედ მერია აღიარა.

ამის შემდეგ, მერიამ მეპატრონეებთან ახალი დავა, ამჯერად, შენობაზე დაიწყო. ადგილობრივი თვითმმართველობა კაფის დემონტაჟს და 185 ათასი ლარის საიჯარო დავალიანების გადახდას ითხოვს. 

მერიის იურისტები სასამართლო პროცესებზე განმარტავდნენ, რომ ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით,  "სავანე'' ქალაქის არქტიტექტურულ იერსახეში არ ჯდება და უნდა დაინგრეს.

ქალაქის ცენტრალურ ბაღში კაფე 23 წლის განმავლობაში მუშაობდა. კვების ობიექტს ბოლო ოთხი წელი აღარ უმუშავია. 90–იან წლებში ის ბამბუკის მსუბუქ კონსტრუქციას წარმოადგენდა, სადაც ღია სანაყინე ფუნქციონირებდა. ობიექტს თავდაპირველად ამხანაგობა „მაგნოლია“ ფლობდა. 1995 წელს კი ის შპს „ნიკოლომ“ 8 986 ამერიკულ დოლარად შეისყიდა.


ამავე თემაზე:


Print