ახალი ამბები
2023 წლის მესამე კვარტალში, ვიზიტორებმა საქართველოში 4.8 მილიარდი ლარი დახარჯეს
FaceBook
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის III კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 19.4%-ით მეტია.

შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 42.5%, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

აღნიშნული რაოდენობიდან, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.3 მილიონი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 21%-ით მეტია.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.0 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 22.5%-ით აღემატება.

საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 1.7 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 15.4%-ით მეტია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო ვიზიტორების 74.5% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 21.8% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.7% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2023 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 478.4 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.4%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 21.3%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.9%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (571.4 ათასი), თურქეთის (498.9 ათასი) და სომხეთის (339.0 ათასი) მოქალაქეების მიერ.



საქსტატის ცნობით, ვიზიტორების უმრავლესობა, 46.5% 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 46%-ს შეადგენდა.
2023 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (58.9 პროცენტი) დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა.

ვიზიტების უმრავლესობა აჭარის ა/რ-ში და თბილისში განხორციელდა.

2023 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.8 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.8 ღამე) 14.7 პროცენტით ნაკლებია.

განხორციელებული ვიზიტების 67.5% განმეორებითი ხასიათის ვიზიტს წარმოადგენდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 4.8 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 7.3 პროცენტით მეტია.

ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის III კვარტალთან შედარებით 11.3 პროცენტით შემცირდა და 2 105.8 ლარი შეადგინა.

Print