ახალი ამბები
ვითხოვთ შველას - ქუთაისში, ევდოშვილის ქუჩაზე, შესაძლოა, სახლები ჩაიძიროს
FaceBook
ქუთაისში, ევდოშვილის ქუჩის პირველ ჩიხში მიწის მასა იშლება, რის შედეგადაც, შესაძლოა, იქ მდებარე სახლები ჩაიძიროს.
პრობლემის მიზეზი სტიქიები და ქუჩაზე კანალიზაციის არარსებობაა. სწორედ ამ უკანასკნელის გამო ვერ ატარებს ღვარსადენი წყლის მასას, შედეგად კი, მიწა სკდება. 

ევდოშვილის ქუჩის მესამე ჩიხში მცხოვრები 7 ოჯახიდან საშიშ ზონასთან ყველაზე ახლოს ქობალავები არიან, რომელთა ეზოს ჯებირი უკვე ნახევრად ჩამოიშალა.

გვანცა ქობალავა ევდოშვილის ქუჩა  #3-ში მეუღლესთან, მცირეწლოვან შვილთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ ყოველი წვიმა შიშის ზარს სცემს, რადგან შესაძლოა, ამ დროს მიწა ისევ დაიშალოს და მისი სახლი ჩაიძიროს. 

ქობალავებმა მერიას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა ჯერ შედეგი არ ჩანს.

"ერთი წლის წინ, როცა გზა ჩაინგრა, დახმარება ადგილობრივ მთავრობას ვთხოვეთ, თუმცა სანამ შოვის ტრაგედია არ მოხდა, მერიიდან დასასურათებლადაც არავინ მოსულა. რაჭაში მომხდარი სტიქიის შემდეგ კი გვითხრეს, რომ ჩვენი პრობლემის მოგვარებას ქუთაისის ბიუჯეტი არ ეყოფოდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მისაღებად იმუშავებდნენ. აგვისტოში, კი მოგვივიდა პასუხი, რომ თანხები მოძიებულია და ტენდერს გამოაცხადებენ, მაგრამ ჯერ არაფერი მოგვარებულა. არ ვიცით ტენდერი გამოცხადებულია თუ არა,’’ - ამბობს ევდოშვილის ქუჩის მცხოვრები გვანცა ქობალავა.

ადგილობრივ  თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ გზის ჯებირით შეკეთებას და ადგილზე კანალიზაციის გაყვანას მომავალი წლისთვის გეგმავენ. როგორც მერიაში გვითხრეს, სატენდერო დოკუმენტზე  მუშაობა დაწყებულია და კონკურსს 2024 წლისთვის გამოაცხადებენ.

თუმცა  ვიდრე   მომდევნო წლის ბიუჯეტი დამტკიცდება, ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება და სამუშაოები დაიწყება, ძლიერი წვიმების პირობებში, შესაძლოა, მიწის მასა მეტად ჩამოიშალოს და სავალალო შედეგიც დადგეს. 



Print