ახალი ამბები
როგორია გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის 6-თვიანი საქმიანობის შედეგი
FaceBook
საქართველოს საპატრიარქოს მიერ შექმნილმა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა, ძეგლთან დაკავშირებით განხორციელებული, 6-თვიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
სწორედ ამდენივე დროა გასული მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტრომ გელათის სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო თუ სხვა საჭირო სამუშაოები საპატრიარქოს ოფიციალურად გადააბარა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საჭირო გახდა გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმა, რაც გელათის სამონასტრო კომპლექსთან მიმართებაში სამოქმედო გეგმის ცვლილებას გულისხმობს და მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებების მითითებებსა და UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების ICOMOS-ისა და ICCROM-ის 2022 წლის 28 ნოემბერ - 2 დეკემბერს განხორციელებული ერთობლივი მისიის ანგარიშის რეკომენდაციებს ეფუძნება.

ანგარიშის მიხედვით, ძეგლთან მიმართებით რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა. მათ შორის, შეიქმნა გელათის მართვის გეგმის განახლებაზე მომუშავე კვალიფიციური ჯგუფი. ამასთან, გერმანულ კომპანია „ლეიერთან“ თანამშრომლობით მოამზადა ორი საკმაოდ რთული საინჟინრო გადაწყვეტის მაღალტექნოლოგიური პროექტი: 1) გელათის კათედრალის ერთიანი-დროებითი გადახურვის პროექტი, გუმბათის ჩათვლით, სრულად, და 2) გელათის კათედრალის ერთიანი-დროებითი გადახურვის პროექტი, გუმბათის გადახურვის გარეშე, ამგვარი გადაწყვეტის მიზნობრიობის დასაბუთებით.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ორივე პროექტი სრული სახით, გადაიგზავნება მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში და დაელოდებიან მათ გადაწყვეტილებას.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ძეგლთან მიმართებით გადაიდგა ისაა, რომ აღმოსავლეთ მკლავში მოეწყო ე.წ. „უსაფრთხო ხარაჩო“, რამაც სპეციალისტებს საშუალება მისცა, შეესწავლათ კედლის მხატვრობა და საკურთხევლის აფსიდის მოზაიკა. 

"მხატვრობის კონსერვაციის ჯგუფი აქტიურად ემზადება კვლევითი და სატესტო სამუშაოების შესასრულებლად, ამისათვის დაწყებულია შესაბამისი საკონსერვაციო მასალებისა და აღჭურვილობის შესყიდვისთვის ზრუნვა. 

მთავარ ტაძარში უკვე დამონტაჟდა კონსტრუქციული მონიტორინგის სისტემები. ასევე, გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის საერთაშორისო დონის და უმაღლესი სამეცნიერო რანგის ექსპერტების მიერ, უახლესი გეოფიზიკური აპარატების გამოყენებით, დაიწყო გელათის სამონასტრო კომპლექსის არქეოლოგიური და გეოლოგიური ფენების შესწავლა. დღეისათვის, უკვე შესრულებულია ამ სამუშაოების პირველი ეტაპი, - შეიქმნა გელათის სამონასტრო კომპლექსის ზუსტი ტოპო-გეგმა",- აღნიშნულია ანგარიშში. 

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

გელათის რეაბილიტაციის პროცესის მართვა საქართველოს საპატრიარქომ 2023 წლის 7 აპრილს გადაიბარა.

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები 2019 წელს წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა.


Print