ახალი ამბები
ახალი ნაძვის ხეები და დეკორაციები - იმერეთის მუნიციპალიტეტებმა საახალწლო სამზადისი დაიწყეს
FaceBook
2024 წლის შესახვედრად, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტმა საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო.
ახალ წელს ახალი ნაძვის ხით შეხვდება ჭიათურის მუნიციპალიტეტი, რისთვისაც ტენდერი [NAT230022318] უკვე გამოცხადებულია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ნაძვის ხის სიმაღლე არანაკლებ 11 მეტრი და ტოტების რაოდენობა არანაკლებ 1400 ცალი უნდა იყოს.

„მას თავზე უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1 მ. სიმაღლის მანათობელი ვარკვლავი და განთავსებული უნდა იყოს არანაკლებ 0.7 მ. სიმაღლის სადგამ კონსტრუქციაზე, რომელიც ბრენდირებული უნდა იყოს მოცულობითი მანათობელი ასოებით ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტი გილოცავთ ახალ 2024 წელს",- ვკითხულობთ სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტში.

ახალი ნაძვის ხის შეძენა ჭიათურის მუნიციპალიტეტს 70 000 ლარი (სავარაუდო ღირებულება) დაუჯდება.

დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 14 ნოემბერს იწყება და 16-ში მთავრდება.

ახალ ნაძვის ხესა და ხის დეკორაციებს ყიდულობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტიც.

როგორც სატენდერო [NAT230021163] დოკუმენტაციის ტექნიკურ მახასიათებლებშია აღნიშნული, საახალწლო ხის სიმაღლე 12 მეტრი უნდა იყოს და მის თავზე განთავსებული უნდა იყოს ვარსკვლავის ფორმის ხის კონსტრუქცია.

საახალწლო ნაძვის ხისა და მისი დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟისთვის, მუნიციპალიტეტი ტენდერში გამარჯვებულ შპს „ღამის შოუ სტუდიას“ 147 000 ლარს გადაუხდის. მხარეებს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

ამასთან, წყალტუბოს მერია გარე გამოყენების 2D მანათობელი ვარსკვლავებისა და ფიფქების შესყიდვასაც [NAT230022129] გეგმავს, რისთვისაც 30 000 ლარი აქვს განსაზღვრული.

საახალწლო სამზადისი დაიწყო ზესტაფონის მერიამაც, რომელსაც ტენდერი [NAT230022319] საშობაო ნაძვის ხის ნათურებისა და გარე გასანათებელი მოწყობილობების შესყიდვაზე აქვს გამოცხადებული.

აღნიშნულისთვის მუნიციპალიტეტს 99 554 ლარი აქვს განსაზღვრული. დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 14 ნოემბერს იწყება და 16-ში მთავრდება.

ზემოთ ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებამდე საახალწლო განათებებისთვის სახელმწიფო შესყიდვა სამტრედიისა და ქუთაისის მერიამ გამოაცხადა.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიას საახალწლო ფეიერვერკისთვის 20 000 ლარზე მეტი აქვს განსაზღვრული

სამტრედიის მერიამ საახალწლო სამზადისი დაიწყო

ქუთაისის მერია 400 ათასი ლარის ღირებულების საახალწლო მანათობლებს ყიდულობს


Print