ახალი ამბები
ქუთაისში, ძლიერი წვიმის შედეგად, სახლები დაიტბორა
FaceBook
ქუთაისში, ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა, რამდენიმე ქუჩაზე პრობლემები შექმნა.

ძლიერი წვიმის გამო, წყლის ნაკადი ეზოებში შევიდა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები მთლიანად დატბორა. შედეგად, მოსახლეობას დაუზიანდა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

ანალოგიური პრობლემები შეიქმნა ფოთის ქუჩაზეც, რომლის მცხოვრებლებიც ამბობენ, რომ ყოველი წვიმის დროს იტბორებიან.



"გვეძინა, ექვსი საათი იყო უკვე რომ გაივსო სახლი წყლით. ასე ვართ ყოველი წვიმის დროს. ერთი-ორი წლის წინ ამ ქუჩის რეაბილიტაცია მოხდა, თუმცა, როგორც ჩანს, უხარისხო სამუშაოების გამო სანიაღვრე ქსელი წყალს ვერ ატარებს",
- განმარტავენ ადგილობრივები.



"20 წელია ვსაუბრობთ, მაგრამ ჩვენი მთავრობის ყურამდე არაფერი მივიდა. ღამის საათიდან დაიწყო ძლიერმა წვიმამ, მას შემდეგ ყურადღება არავის მოუქცევია", -
განმარტავს ფოთის ქუჩაზე მცხოვრები. 



წვიმის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრაზე პასუხისმგებელი ქუთაისის მერიას დაქვემდებარებული ააიპ "სპეციალური სერვისებია" , სადაც ამბობენ, რომ გაწმენდითი სამუშაოები ქუთაისში, გუშინ, გვიან ღამით დაიწყო და ამ დროისთვის პრობლემა თითქმის ყველა ლოკაციაზე მოხსნილია. რამდენიმე ქუჩაზე კი სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

"კონკრეტულ ლოკაციებზე იყო ისეთი შემთხვევები, სადაც ხე წაიქცა და სავალი ნაწილის გავლადობა არ იყო. ამ წუთის მონაცემებით, ყველა მიმართულებით გზა უკვე გახსნილია. ამასთან, ავტოქარხნის დასახლებაში იყო პრობლემები მდინარე ოღასკურას ადიდების გამო. მოხდა ტერიტორიისა და მომიჯნავე სახლების დატბორვა. ადგილზე ახლაც მუშაობს სამაშველო სამსახური. დღის განმავლობაშიც მოსალოდნელია ინტენსიური ნალექი, წვიმის სახით, შესაბამისად, ყველა ლოკაციაზე, როგორც ცოცხალი მუშახელით, ისე სპეცტექნიკით გავაგრძელებთ სალიკვიდაციო სამუშაოებს", - განმარტავს "სპეციალური სერვისების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი მჟავანაძე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, უხვი ნალექი 7 ნოემბრის ღამის საათების ჩათვლით არის მოსალოდნელი.






Print