ახალი ამბები
"მომავალი წლისთვის შევძლებთ, დავიწყოთ სპორტის სასახლის რეაბილიტაცია“ - ქუთაისის მერი
FaceBook
ქუთაისის სპორტის სასახლის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა წლის ბოლოსთვის დასრულდება, მომავალი წლიდან კი ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
ამის შესახებ ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა.

"წლის ბოლოს ჩვენ გვექნება სპორტის სასახლის რეაბილიტაციის პროექტი. ამაზე უკვე მუშაობს კომპანია, რომელიც დაქირავებულია მერიის მიერ. მომავალი წლისთვის კი შევძლებთ, დავიწყოთ სპორტის სასახლის რეაბილიტაცია“,- განმარტა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის სპორტის სასახლის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მერიამ ტენდერი [NAT230011234] მიმდინარე წლის მაისში გამოაცხადა, სადაც შპს „კად XXI“ -მა გაიმარჯვა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2023 წლის 21 ივნისს გაფორმდა.

სწორედ შპს „კად XXI“-ი მუშაობს სპორტის სასახლის პროექტის შედგენაზე, რასაც 99 887 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს. 

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, შენობაში მოსაწესრიგებელია: იატაკი (პარკეტი); ვენტილაცია; სახურავი; განათებისა და გახმოვანების სისტემა; ტრიბუნები (სავარძლების შეცვლა); შენობის ადაპტირება ეტლით მოსარგებლეთათვის; კალათბურთის ფარები; სველი წერტილები; ტაბლო (LED ეკრანი); შენობის კოსმეტიკური რემონტი; ფასადის რეკონსტრუქცია; სუსტი დენებისა და უსადენო ინტერნეტის პროექტი; სახანძრო უსაფრთხოების სისტემები.

ქუთაისის სპორტის სასახლე 2007 წელს აშენდა.

ამავე თემაზე:

ქუთაისის მერია სპორტის სასახლის რეაბილიტაციას გეგმავს


Print