ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში, კაფე ,,სავანეს'' მფლობელები ხელმძღვანელ პირებთან შესახვედრად არ შეუშვეს
FaceBook
ქუთაისის მერიის შენობაში,  სამუშაო საათებში  კაფე-ბარის მფლობელები  ხელმძღვანელ პირებთან შესახვედრად არ შეუშვეს.  
დაცვის თანამშრომლებმა ირაკლი და გიორგი ტურაბელიძეებს განუმარტეს, რომ შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები  ადგილზე არ იმყოფებიან.  ძმები ტურაბელიძეები კაფე-ბარ ,,სავანეს’’ მფლობელები არიან, რომლის დემონტაჟის საკითხზე ქუთაისის მერიასა და მეპატრონეებს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს.  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  გადაწყვეტილებას კი, 16 ნოემბერს გამოაცხადებს. სწორედ,   ამ საკითხზე იყვნენ ისინი მერიაში მისულები. 

"გავაჟღერეთ ინფორმაცია, რომ  მუნიციპალური განვითარების ფონდის  მიერ ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია იმ შენობების დემონტაჟს გეგმავს, რომლებიც ბაღში ფიზიკურად არ არის. ეს კი კორუფციის ნიშანია. ვთქვით, რომ ბულვარში ატრაქციის მოწყობას აპირებენ. შემდეგ მერიის პრესსამსახურის უფროსმა, თეონა გიორგაძემ დაწერა, რომ ეს დოკუმენტი არ შესრულდება. 8 მილიონი უკვე დახარჯეს და ახლა არ შესრულდება? ეს დოკუმენტი მერიის იურისტებმა სასამართლო პროცესზე იმის მტკიცებულებად მოიტანეს, რომ ,,სავანე’’ უნდა დაანგრიონ. თუ დოკუმენტი არ შესრულდება, მაშინ ჩვენს შენობას რას ერჩიან? როგორც მერიის იურისტმა გვითხრა, ჩვენი კაფის ადგილზე, ამ დოკუმენტის მიხედვით, ფანჩატური უნდა მოეწყოს. ამ საკითხის გასარკვევად ვიყავით მისულები მერიაში, მაგრამ დაცვამ არ შეგვიშვა,’’ - ამბობს  კაფე-ბარის ერთ-ერთი მფლობელი გიორგი ტურაბელიძე.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურში საკითხზე განმარტებას არ აკეთებენ.

ადგილობრივ მთავრობასა და "სავანეს" შორის დავა ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ დაიწყო. მაშინ მერიის მხრიდან დავის საგანი მიწის ნაკვეთის საკუთრების საკითხი იყო, რომელზეც კაფე დგას.
ორივე ინსტანციის სასამართლომ მიწის მესაკუთრედ მერია აღიარა.

მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღიარების შემდეგ, მერიამ მეპატრონეებთან ახალი დავა, ამჯერად, შენობაზე დაიწყო. ადგილობრივი მთავრობა კაფის დემონტაჟს და 185 ათასი ლარის საიჯარო დავალიანების გადახდას ითხოვს.
მერიის იურისტები სასამართლო პროცესებზე განმარტავდნენ, რომ ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, ,,სავანე'' ქალაქის არქტიტექტურულ იერსახეში არ ჯდება და უნდა დაინგრეს.




Print